სებ-ს არ აქვს რაიმე ნიშნული რამდენი ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნდა იყოს ბაზარზე - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველოში 15 კომერციული ბანკი მოქმედებს.
„ის თუ რამდენი ბანკი უნდა იყოს ქვეყანაში დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ბაზარზე. ეროვნულ ბანკს არ აქვს რაიმე ნიშნული რამდენი ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია უნდა ფუნქციონირებდეს. მთავარი ისაა, რომ ის ფინანსური მოდელი, რომელიც ამა თუ იმ ორგანიზაციას ექნება იყოს ჯანსაღი, რომ ეს ორგანიზაციები ფუნქციონირებდნენ კარგად და გადახდისუნარიანები იყვნენ, ხოლო სებ-ი საკუთარი მანდატის ფარგლებში მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ჯანსაღი კონკურენციის არსებობას.
ხშირად ამბობენ რომ მისო-ები იყო 80-ზე მეტი და ახლა 40-ზე ნაკლებია, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მნიშვნელობა აქვს ხარისხს და ის მისო-ები, რომლებიც ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვერ პასუხობდნენ და ფინანსურ მოთხოვნებს, ტრანსფარენტულობას და ანგარიშვალდებულებას ვერ უზრუნველყოფდნენ, მოწყვლადობას ქმნიდნენ იმ მხრივ, რომ ახერხებდნენ თანხების მოზიდვას და ამ თანხების გასტუმრება კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.




























