ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ქეთი ბოჭორიშვილი ფიქრობს, რომ დღეს საქართველოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს მინიმალური შეზღუდვებით მოხდეს სიკვდილიანობის შემცირებაც და ეკონომიკური განვითარებაც, თუმცა ამ შესაძლებლობას არ იყენებს.
ამის შესახებ მან BMG-ს გადაცემა „ანალიტიკის“ ეთერში ისაუბრა. როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ქვეყნების ნაწილმა უკვე მწვანე ქვეყნების სტატუსი მიიღეს, რაც ნიშნავს, რომ ტურისტები სწორედ იქ წასვლას არჩევენ.
„როცა პანდემია დაიწყო, შეზღუდვები გამოწვეული იყო პანიკით, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში და შეიძლება ითქვას, გამართლებულიც იყო დასაწყისში, მაგრამ ჩვენნაირ ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ იყოს მუდმივად შეზღუდვების ქვეშ და ჩაკეტილი, ეს აზიანებს ყველა დარგს. ის, თუ რამდენად კარგად მართავ პანდემიას, გამოიხატება ეკონომიკური ზრდისა და გარდაცვლილ ადამიანთა თანაფარდობაში.
როცა ორივე მიმართულება ცუდად მუშაობს, ეს აბსოლუტურად მიუღებელია და ნიშნავს, რომ პანდემიას ცუდად მართავ. ყველანაირი შესაძლებლობა არსებობს, რომ მინიმალური შეზღუდვების ფონზე მოხდეს სიკვდილიანობის შემცირებაც და ეკონომიკური განვითარება, რასაც აბსოლუტურად არ ვიყენებთ“, - განაცხადა ქეთი ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, მკაცრი შეზღუდვების შესაძლებლობა ქვეყანას აღარ აქვს. „ტურიზმი ამ მხრივ ყველაზე მოწყვლადია. ბევრმა ქვეყანამ უკვე აიღო მწვანე სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ ტურიზმის კუთხით რაც აქამდე გვქონდა, შეიძლება ესეც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, რადგან ტურისტებმა გადაწყვიტონ სხვა ქვეყნებში სიარული, სადაც ნაკლები შეზღუდვაა. 2019 წლის მაჩვენებლებს შეიძლება 2023 წელს მივაღწიოთ, ისიც იმ შემთხვევაში, თუ ყველაფერი კარგად წავა, მათ შორის ვაქცინაცია“, - აღნიშნა ქეთი ბოჭორიშვილმა.