მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო პოლიტ-ტექნოლოგია“ - ინტერვიუ ლევან კობერიძესთან

ლევან კობერიძე

კომპანია BRANDING.GE-ს დამფუძნებლის დa IX მოწვევის პარლამენტის წევრის ლევან კობერიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ სწორი პოლიტ-ტექნოლოგიით მუშაობს. მმართველი პარტიის სტრატეგიასა და ქმედებების მოტივებზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„არ ვიტყვი, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპა და აშშ არ უნდა; უნდათ, ოღონდ თუ თვითონ იქნებიან ხელისუფლებაში“, - ამბობს ლევან კობერიძე, რომლის აზრითაც, მთელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში სავალალო მდგომარეობაა, მაგრამ „ორჯერ უფრო სავალალო მდგომარეობაშია უშუალოდ ოპოზიცია“.

"დღეს, რეალურად, პოლიტიკურმა სპექტრმა დაკარგა ორიენტირი - როგორც ხელისუფლებამ, ისე - ოპოზიციამ. მმართველი ძალა გადასულია საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაზე. ქვეყნის ინტერესს აიგივებს საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებასთან და ალბათ აქტიური წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც მათი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ ისინი არიან მშვიდობა და მშვიდობის გარანტები... ამდენად, გასაგებია, რა მიზანიც აქვს „ქართულ ოცნებას“ - ნებისმიერ ფასად შეინარჩუნონ ძალაუფლება“, - აცხადებს ყოფილი დეპუტატი.

მისივე აზრით, "ქართულმა ოცნებამ "რუსული კანონით" თავი დაიზიანა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს თავისი მიზანი აქვს - შეინარჩუნოს ხელისუფლება და პროპაგანდის გზით ცდილობს და გარკვეულწილად ახერხებს კიდეც, საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ სინამდვილეში ევროკავშირის გზიდან არ გადაუხვევიათ და როგორც კი არჩევნებში გაიმარჯვებენ და „საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფას“ შედეგს დადებენ, „გაუგებრობა“დასრულდება.

ამასთან, ლევან კობერიძე ანტიდემოკრატიული კანონის უკან, რომლის გამოც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი გაიყინა, რუსეთის დაკვეთას ვერ ხედავს.

- რუსეთს, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, დღეს ყველაზე ნაკლებად აწყობს აქ არეულობა. რატომ? - საერთაშორისო სანქციების პირობებში მყოფი რუსეთისთვის საქართველო არის ჟანგბადის მიწოდების გზა - აქედან ადამიანები თავისუფლად დაფრინავენ ევროპაში, ბიზნესებს აკეთებენ და ა.შ. დიდ სურათში რუსეთს საქართველოში არეულობა არ აწყობს, რაც შეიძლება მოიტანოს {რუსულმა კანონმა}. ამდენად, „რუსული კანონით“ და დიახ, ეს „რუსული კანონია“ და არანაირად არაა მისი მიზანი გამჭვირვალობა, „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ის, რომ ოპოზიცია „ომის" მხარეს ჩატოვა; ის, რომ ქართული ოპოზიცია საუბრობს მხოლოდ იმაზე, რომ „ოცნება“ არის ცუდი, ამას ძალიან კარგად იყენებს. მეტიც, ახლა ევროპაც და დასავლეთიც კი გადაიყვანა ომის თემატიკაში „გლობალური ომის პარტიის“ შემოყვანით... ამდენად, მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტ-ტექნოლოგიურად მართლა კარგად მუშაობს, უბრალოდ, ეს ქვეყნისთვის საზიანოა.

- ხომ არ იცით, ვინ ჰყავთ მრჩევლად დაქირავებული?

- არავის დაქირავება არ სჭირდებათ... ვფიქრობ, მთელ „ოცნებაში“ ბიძინა ივანიშვილი არის საუკეთესო პოლიტ-ტექნოლოგი, მას აქვს თავისი სტრატეგია და რეალურად დგამს ნაბიჯებს ამ სტრატეგიის მიხედვით.

- ტაქტიკურად რამდენად გამართლებული იყო „რუსული კანონის“ მიღება ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობის სურვილია ევროინტეგრაცია, თან საარჩევნო წელია...

- „ქართულმა ოცნებამ“ ამ შემთხვევაშიც ჩართო პოლიტ-ტექნოლოგიები, მათემატიკა - რამდენი ადამიანი მოვა, რამდენი - არა და ა.შ. „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანაა, ომი VS მშვიდობა - კონტრასტის დანერგვით, იმ ადამიანებიდან, ვინც არც მათ უჭერენ მხარს და არც ოპოზიციის არსებულ სპექტრს, რაც შეიძლება ნაკლები მოვიდეს არჩევნებზე, რათა „ოცნების“ შედეგი იყოს, რაც შეიძლება მაღალი. ამას ემსახურება მთელი კამპანია, რაც მიმდინარეობს „ოცნების“ მხრიდან. მათ აქვთ მკაფიო ხაზი და როგორც პოლიტიკურ ბრენდინგში გარკვეულ ადამიანს, მიმაჩნია, რომ სწორად მუშაობენ საკუთარი ინტერესისთვის, რომელიც ცდება ქვეყნის ინტერესს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები