მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მექანიკური გაერთიანება ამომრჩეველს არევს" - კრიტიკა და რჩევები ოპოზიციას ლევან კობერიძისგან

ლევან კობერიძე

საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრის, ბრენდინგის სპეციალისტ ლევან კობერიძის შეფასებით, საქართველოს პოლიტიკური სპექტრი სავალალო მდგომარეობაშია, უშუალოდ ოპოზიცია კი - ორჯერ მეტად სავალალო სიტუაციაშია.

BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, კომპანია BRANDING.GE-ს დამფუძნებელმა წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის და ოპოზიციური პარტიების სამოქმედო სტრატეგიაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“ სწორი პოლიტ-ტექნოლოგიით მუშაობს, განსხვავებით - ოპოზიციისგან.

„ბიძინა ივანიშვილი საუკეთესო პოლიტ-ტექნოლოგია“ - ინტერვიუ ლევან კობერიძესთან

"ქართულმა ოცნებამ "რუსული კანონით" თავი დაიზიანა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს თავისი მიზანი აქვს - შეინარჩუნოს ხელისუფლება და პროპაგანდის გზით ცდილობს და გარკვეულწილად ახერხებს კიდეც, საკუთარი ამომრჩეველი დაარწმუნოს, რომ სინამდვილეში ევროკავშირის გზიდან არ გადაუხვევიათ და როგორც კი არჩევნებში გაიმარჯვებენ და „საკონსტიტუციო უმრავლესობის ტოლფას“ შედეგს დადებენ, „გაუგებრობა“დასრულდება“, - აცხადებს ლევან კობერიძე.

ბრენდინგის სპეციალისტის აზრით, ოპოზიციის მხრიდან მხოლოდ იმაზე საუბარი, რომ „ქართული ოცნება“ არისი ცუდი, რადგან ქვეყნის ევროინტეგრაცია შეაფერხა, არ არის საკმარისი ამომრჩეველში ნდობის მოსაპოვებლად.

ლევან კობერიძემ ოპოზიციას გამსხვილების ფორმულაც დაუწუნა. „მექანიკურად გაერთიანება-მიწებება ეფექტიანი ვერ იქნება. ეს ამომრჩეველს უფრო აბნევს“, - ამბობს ის.

- ოპოზიციაში ორჯერ უფრო სავალალო მდგომარეობაა, ვიდრე მთლიანად პოლიტიკურ სპექტრში. რეალურად, ჯერჯერობით გამოკვეთილია 5 პარტია, რომელსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვს - „ქართული ოცნება“, „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ და „ახლები“. ყველაზე ცუდი ის არის, რომ აქედან მხოლოდ ორ პარტიას აქვს გარანტირებული 5%-იანი ბარიერის გაადალახვა - „ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“. ფაქტობრივად, ოპოზიციურმა სპექტრმა მთავარი დაკვეთა, რომელიც წლების განმავლობაში, მოსახლეობაში გაჟღერებულად ან გაუჟღერებლად იყო - ვინმეს „ნაცმოძრაობა“ ჩაენაცვლებინა, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია, ვერ შეასრულა.... პოლიტიკურ ბრენდინგში მიღებული ჟარგონით რომ ვთქვა - „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა „ნაცმოძრაობის“ „გარეცხვა“. უკვე დიდი დრო გავიდა - 12 წელი და თაობათა ცვლის გამოც, „ნაცმოძრაობისთვის“ უფრო მეტ ადამიანს უადვილდება ხმის მიცემა, ვიდრე 2012 ან 2016 წელს. 2024 წელია. ამდენად, ეს იყო „ნაცმოძრაობისთვის“ „ოცნების“ საჩუქარი, რომელიც „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს.

- ახლა როგორ უნდა იმოქმედოს ოპოზიციურმა სპექტრმა და რამდენად პრაგმატულად მიდის გამსხვილება, რათა 26 ოქტომბრის არჩევნებზე არცერთი კრიტიკული ხმა არ დაიკარგოს?

- მექანიკურად გაერთიანება-მიწებება, არ მგონია, რომ სწორი იყოს. მაგალითად: ალეკო ელისაშვილის და მამუკა ხაზარაძის გაერთიანება ჩემთვის საერთოდ გაუგებარია. ვნახეთ, რომ ანა დოლძე, რომელსაც მაღალი მაჩვენებელი ჰქონდა, უცებ აღმოჩნდა „ლელოში“. რაც შეეხება პოლიტიკურ მოძრაობა „თავისუფლების მოედანს“, პოლიტ-ტექნოლოგიურად ძალიან კარგი სახელი შეარჩიეს, მისი დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე პოლიტიკურად განათლებულია, საინტერესო გუნდიც შეკრიბა და ვფიქრობ, ჰქონდა პოტენციალი, ახალი პოლიტიკური ცენტრი გამხდარიყო, მაგრამ მოედანი უცებ ჩიხად შეუერთდა „ლელოს“...პარტიების ასე შეგროვება გამსხვილების მიზნით, ჩემთვის არ ნიშნავს იმას, რომ ელექტრორატიც ასე შეიკრიბება. მგონია, ამომრჩეველს ასე უფრო არევენ და დააბნევენ... გიორგი გახარიას პარტია პოლიტ-ტექნოლოგიურად უფრო სწორ პოზიციას იკავებს, მაგრამ ის, რომ მან წინა არჩევნებში იმდენი პროცენტი აიღო, ეს არაა გარანტი, რომ წლევანდელ არჩევნებშიც ასეთი შედეგი ექნება.

- გახარიას პარტია ჯერ მარტოა...

- ეს სიმარტოვე მას უფრო მეტ შანსს აძლევს, მხარდაჭერის პროცენტი აკრიფოს, ვიდრე ასეთი {მექანიკური} შეგროვება. არ იკრიბება. უფრო მეტი კითხვის ნიშანი ჩნდება მოსახლეობაში...

- ოპტიმალური გამოსავალი რა არის ამ ვითარებაში, როდესაც 5%-იანი ბარიერია როგორ დაჯგუფდეს ოპოზიცია და ასევე, თქვენი აზრით, „რუსულმა კანონმა“ და მისმა შედეგმა არ გაამარტივა არჩევანი?

- მთავარი პრობლემა არის ის, რომ არავის არ აქვს მკაფიო იდეა ოპოზიციაში... შთაბეჭდილება მრჩება, ოპოზიცია მხოლოდ იმის ძახილით, რომ „ქართული ოცნება“ არის ცუდი და რუსეთისკენ მიაქანებს საქართველოს, ცოტას პარაზიტობს. მათ უნდათ, დასავლეთმა პირდაპირ ესენი მოიყვანოს ხელსიუფლებაში და ასე ჩაანაცვლონ „ქართული ოცნება“, მაგრამ ეს ასე ვერ მოხდება.

- პრაქტიკულ პოლიტიკასა და პოლიტიკურ ბრენდინგში თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, რას ურჩევდით ოპოზიციას?

- ოპოზიციაში არცერთ პარტიას მკაფიო ხედვა არ აქვს. ვითომ პროცენტიან პარტიებზე მეტად პოლიტიკოსია გიგა ბოკერია, რომელიც მე არ მომწონს, რადგან „ნაცმოძრაობის“ ნაწილი იყო, მაგრამ სხვა აქ პოლიტიკოსი არავინაა...დღეს რომ შეიქმნას მკაფიო ხედვის მქონე ახალი, მაგალითად, ცხოველების უფლებების დამცველი პარტია - სწორი პოლიტ-ტექნოლოგიის პირობებში, 5%-იან ბარიერს გადალახავს, რადგან მკაფიო გზავნილი ექნებათ და არა მხოლოდ ის, რომ „ქართული ოცნება“ ცუდია და რუსეთისკენ მივყავართ.... ამ ვითარებაში, ოპოზიცია ვერაფერს შეცვლის, ვერც პრეზიდენტი... ხელისუფლება, ვხედავთ, როგორც მოქმედებს… საბოლოო ჯამში, ქვეყნების ბედს ყოველთვის წყვეტენ მოქალაქეები. 26 ოქტომბერსაც, ვფიქრობ, საბოლოო სიტყვას ამომრჩეველი იტყვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები