როდესაც საპარლამენტო არჩევნები დაიწყო, ივანიშვილმა კანონის შესაბამისად წარადგინა ქონებრივი დეკლარაცია, თუმცა მის დეკლარაციას მონიტორინგი არ გაუვლია - ამის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა რაჟდენ კუპრაშვილმა მედიასთან განაცხადა.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კანონის შესაბამისად იყო წარმოდგენილი ქონებრივი დეკლარაცია, როცა საპარლამენტო არჩევნები დაიწყო და ეს ვალდებულება მისი მხრიდან შესრულდა. რაც შეეხება მონიტორინგს, არ მოხვედრილა მონიტორინგში“, - განაცხადა კუპრაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ივანიშვილის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაცია ბიუროს ვებგვერდზე 2013 წლით თარიღდება.
BM.GE უწყებას დაუკავშირდა კითხვით, თუ ივანიშვილმა შეავსო დეკლარაცია, რატომ არ არის ის საჯარო. პასუხად გვითხრეს, რომ კითხვა საჯარო ინფორმაციის წესით უნდა გამოვითხოვოთ.
დეკემბრიდან, როცა დეკლარაციები "ტექნიკური ხარვეზის გამო" დახურული იყო, bm.ge-მ ივანიშვილის დეკლარაცია ბიუროდან 2-ჯერ გამოითხოვა, თუმცა პასუხი არც ერთხელ არ მიგვიღია. ბიუროს ინფორმაციის მისაღებად კიდევ ერთხელ მივმართავთ.
ლილუაშვილის, ღარიბაშვილის, გომელაურის დეკლარაციებში არანაირი დარღვევები არაა - რაჟდენ კუპრაშვილი




























