"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" წერს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას მალავს. ორგანიზაციის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს დეკლარაციის შევსების ვალდებულება მცირე ხნით პარლამენტის წევრად ფორმალურად ყოფნის დროს წარმოეშვა. მათი ცნობით, ანალოგიური ვალდებულება გაუჩნდა ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომლის ქონებრივი დეკლარაცია ვებგვერდზე ხელმისაწვდომია.
"ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს 2024 წლის ბოლოს ქონებრივი დეკლარაციის შევსება უწევდა. ეს ვალდებულება მას არჩევნების შემდეგ მცირე ხნით პარლამენტის წევრად ფორმალურად ყოფნის გამო წარმოეშვა. დოკუმენტი არ იძებნება დეკლარაციების ვებგვერდზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოგვაწოდა ის. შედარებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია, რომელიც ასევე მცირე ხნით ფორმალურად იყო პარლამენტის წევრი, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა საერთოდ არ შეავსო დეკლარაცია.
რაჟდენ კუპრაშვილი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შემსრულებლის როლი შეითავსა, უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან უკანონოდ ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას მაშინ, როცა ქონებისა და კავშირების დეკალარირებისა და ამ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით მკაფიოდ გაწერილ ვალდებულებას უხსნის ამ რეპრესიების დამკვეთ ივანიშვილს", - განმარტავენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.
ცნობისთვის, თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდი, რომელიც „ტექნიკური ხარვეზის“ მიზეზით 6 თვე გათიშული იყო, ივნისის დასაწყისში ჩაირთო.
იმის მიუხედავად, რომ „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი ანტიკორუფციულ ბიუროს დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებს და ეს პრაქტიკა ყველა ხელისუფლების პირობებში უცვლელი იყო, 2024 წლის დეკემბრიდან ბიურო ამ ფუნქციას არ ასრულებდა - ვებსაიტზე მოქალაქეთათვის ინფორმაციაზე წვდომა შეზღუდული იყო.



























