Biletebi.ge-ის თანადამფუძნებელი დავით მიზანდარი მის პირად facebook-გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ პლატფორმაზე კინოს ბილეთების გაყიდვა აიკრძალა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „თიბისი“ ბანკმა, რომელიც TKT.GE-ს პარტნიორია, კინოს ბილეთების გაყიდვის ექსკლუზიური უფლება მოიპოვა და თავის პარტნიორ კომპანიას გადასცა.
„თიბისი არ არის ბანკი, ეს არის სიბოროტის საამქრო, რომელიც საკუთარ კეთილდღეობას სხვისი მოსპობით აღწევს...
მისი შვილობილი კომპანია - TKT, რომლის უკვე 100%-იანი ბატონ-პატრონი თიბისი გახდა, საბილეთო ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის მაგივრად, რისი მიღწევაც შეუძლია მრავალი მარკეტინგული აქტივობით, ბანკის ფულადი რესურსების ხარჯზე იღებს ბილეთების ექსკლუზიური გაყიდვის უფლებას, ყველანაირი ტენდერის ანდა ფასთა მოკვლევის გარეშე. სქემა მარტივია, ბანკი ასპონსორებს ორგანიზაციას, ხოლო TKT იღებს გაყიდვების ექსკლუზივს.
ამჯერად, ჩვენ, Biletebi.ge-ს თიბისი-მ შეგვიჩერა კინოთეატრების გაყიდვა და თვითონ აიღო ექსკლუზიური უფლება ონლაინ რეალიზაციაზე ზემოთ ხსენებული სქემით.
ჩვენთან კინოები გუშინ გამოირთო....
Biletebi.ge-შევქმენით 2008-წელს, რედესაც საქართველოში სიტყვა „სტარტაპი“არ არსებობდა, არც დაფინანსება, არც ინტერნეტი იყო ასე გავრცელებული, არც სმარტფონები და საბანკო ბარათიც იშვიათად თუ ვინმეს ჰქონდა. საკუთარი ხელფასებით და ყველა შესაძლო რესურსებით ვაშენებდით ამ საბილეთო ინდუსტრიას. 6 წელი დაგვჭირდა ამისთვის რომ პირველი რეალური ნაბიჯები გადაგვედგა და მომხმარებელი მიგვეჩვია ონლაინ შეძენას, რაც დღეს ჩვეულებრივი ცხოვრების შემადგენელი ნაწილია..
მაშინ მხოლოდ ქართუ ბანკს ჰქონდა ელ.კომერციის მოდული და რუსთაველის თეატრის და კინოს გაყიდვები 2009 - 2010 წლიდან დავიწყეთ, შემდეგ თიბისისთან კომუნიკაციით და ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით თიბისის ელ.კომერციის მოდულის დახვეწა/მოდიფიკაციაში ჩვენი წვლილიც კი შევიტანეთ რომ გამართულად ემუშავა საბილეთო პლატფორმებზე.
აქამდე თიბისი-ჩვენი პარტნიორი იყო და დღვანდელი მათი ნაბიჯი არა ბიზნესების მხარდაჭერაა არამედ სიბოროტე! მხოლოდ თვითონ, მხოლოდ ბანკი, მაგრამ აქ სიტყვა "ბანკის" ხსენებაც კი ზედმეტია, მეტიც მათი „ბიზნეს დაჯილდოვებაც“ ფარსია როდესაც სხვას უნგრევ ბიზნეს, სტარტაპერიც ფარსია, რომელიც ვითომ ზრდაში უწყობს ხელს, რომ მერე ისიც გადაიფორმოს.
მათი სლოგანებიც - „შენ გვერდით შენი ბანკია“, „ჩვენ ვაძლიერებთ ერთმანეთს“ ესეც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანაა და ფარსია! თიბისისთან ნებისმიერი კავშირი დამანგრეველია ბიზნესისთვის.
ყველანაირ გზას მივმართავ იმისათვის, რომ დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნო ამ სარეველა წარმონაქმნისგან!“ - წერს დავით მიზანდარი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამ ეტაპზე Biletebi.ge-ს საიტზე კინოს ბილეთები გაყიდვა მართლაც შეჩერებულია.