მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბინადრობის ნებართვების მიღებისათვის ფინანსური ზღვრები, შესაძლოა, გაორმაგდეს - კანონპროექტი პარლამენტშია

რომან გოცირიძე

საპარლამენტო პოლიტიკურმა ჯგუფმა "ევროოპტიმისტები" საკანონმდებლო ორგანოში კიდევ ერთი კანონპროექტი "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" დაარეგისტრირეს. ცვლილებების ავტორი დეპუტატი რომან გოცირიძეა.

ცვლილებების მიხედვით მოკლევადიანი, საინვესტიციო და უვადო ბინადრობის ნებართვების მიღებისათვის კანონით განსაზღვრული ფინანსური ზღვრები უნდა გაორმაგდეს.

უფრო კონკრეტულად კი უცხოელის მიმართ მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მინიჭება საქართველოს ტერიტორიაზე 200 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობაზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის გზით უნდა განხორციელდეს, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 აშშ დოლარისა. ამასთან, უნდა გაიზარდოს კანონით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მიღებისათვის საჭირო ფინანსური ზღვარიც. ანუ საინვესტიციო ბინადრობის ნებართვას უცხოელი და მისი ოჯახის წევრი იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ ის „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არანაკლებ 600 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს, ნაცვლად მოქმედი 300 000 აშშ დოლარისა.

კანონპროექტის თანახმად, ორჯერ უნდა გაიზრდება უვადო ბინადრობის ნებართვის მისაღებად გათვალისწინებული ზღვარიც, რომელიც კანონის მოქმედი რედაქციით 300 000 აშშ დოლარის ინვესტიციას გულისხმობს, რის შემდეგადაც ინვესტორს განსაზღვრული ყოველწლიური ფინანსური ბრუნვა უნდა დაუფიქსირდეს, რომელიც კანონპროექტის მიხედვით ასევე პროპორციულად გაიზრდება.

განმარტებით ბარათში მისი ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოში დღეს მოქმედი საინვესტიციო, მოკლევადიანი და უვადო ბინადრობის ნებართვების მისაღებად ისეთ ფინანსურ კრიტერიუმები მსოფლიოში არსებულ სახელმწიფოთა უმრავლესობის პრაქტიკას ნაკლებად შეესაბამება. ამის მაგალითად კი სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკაა მოყვანილი.

„ამ მხრივ განსაკუთრებით დიდი სხვაობა შეინიშნება არა მხოლოდ აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს, არამედ ევროპის ქვეყნებთან შედარებით. ეს ფაქტი საყურადღებოა იმ მოცემულობის ფონზე, როდესაც საქართველოს გაფორმებული აქვს ასოცირების შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა, საქართველოს ევროპის კავშირში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, საქართველოს კანონმდებლობა და მართლწესრიგი შესაბამისობაში მოდიოდეს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა სამართლებრივ სისტემებთან და სოციალ-პოლიტიკურ პარამეტრებთან.

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, დაახლოებით ორჯერ ნაკლებია იმ განაკვეთზე, რომლითაც ბინადრობის ნებართვების მოპოვება ევროპის ქვეყნებში ხდება. ასევე, 300 000 აშშ დოლარის საფუძველზე საქართველოში საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემა ხშირ შემთხვევაში ნაკლებია რიგ საზღვარგარეთის ქვეყანათა შესაბამის სტანდარტებთან შედარებით. მაგალითისათვის: ესპანეთში ბინადრობის ნებართვა გაიცემა 500 000; პორტუგალიაში-400 000; მალტაში-220 000; იტალიაში-250 000; ბულგარეთში512 000 ევროს, საბერძნეთში-250 000 ევროს ინვესტირების, ხოლო შვეიცარიაში450 000 შვეიცარიული ფრანკის ინვესტირების საფუძველზე. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ საქართველოში არც უვადო ბინადრობის ნებართვის მიღების განაკვეთი უტოლდება მსოფლიოს დანარჩენ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დღევანდელ სტანდარტებს, შესაბამისად ის საჭიროებს მოდიფიცირებას“, - განმარტავს კანონპროექტის ავტორი.

ინიცირებული პროექტის განმარტებით ბარათში ისიცაა ნათქვამი, რომ ცვლილებების შედეგად კანონპროექტის მოქმედება საქართველოს ეკონომიკაზე დადებითად აისახება, მათ შორის უცხოური ვალუტის შემოდინების კუთხითაც, რადგან ქვეყანაში გაზრდილი ინვესტიციები შემოვა, ხოლო ინვესტორები ბინადრობის ნებართვებს საქართველოში შედარებით უფრო მოცულობითი ფინანსური ბრუნვის ფონზე მიიღებენ.


ცნობისთვის: დღეს მოქმედი კანონის თანახმად, მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა გაიცემა საქართველოში 100 000 აშშ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ქონების ყიდვით, 1 წლის ვადით. ხოლო საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა გაიცემა 300 000 აშშ დოლარზე მეტი საბაზრო ღირებულების მქონე უძრავი ქონების ყიდვით, 5 წლის ვადით. საქართველოში უვადო ბინადრობის ნებართვა გაიცემა 300 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის განხორციელების საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე და მისი ოჯახის წევრებზე, რომელსაც უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები