Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, მსოფლიოს უდიდესი კრიპტობირჟის, Binance-ის დამფუძნებლის, ჩინური წარმოშობის კანადელი მეწარმის, ჩანგპენგ ჟაოს ქონების შეფასებამ ერთ დღეში 11.8 მილიარდი დოლარით, ანუ 41%-ით იკლო. დღეს, ჟაოს ქონებას Bloomberg-ი 17.2 მილიარდ დოლარად აფასებს.
ანტრეპრენიორის ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ კრიპტობირჟის სააქციო კაპიტალზე მოდის და, როგორც Bloomberg-ი წერს, მილიარდერის ქონების შეფასების შემცირება სწორედ Binance-ის საბაზრო შეფასების კლებას უკავშირდება. თავად ეს ფაქტი კი, Bloomberg-ის შეფასებით, ბოლო წლის განმავლობაში, Binance-ზე 38%-ით შემცირებული ვაჭრობა და კრიპტობირჟასთან დაკავშირებული ინსტიტუციური და ნორმატიული რისკები განაპირობებს.
ისე კი, ამგვარი კლების მიუხედავადაც კი, წლის დასაწყისიდან დღემდე, ჩანგპენგ ჟაოს ქონების შეფასება 37.3%-ით, ანუ 4.6 მილიარდითაა გაზრდილი, რადგან 2023 წლის 1-ელ იანვარს, ის 12.6 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა. საინტერესოა, რომ 2022 წლის დასაწყისში, კანადელი ანტრეპრენიორის ქონებას Bloomberg-ი თითქმის 97 მილიარდ დოლარად აფასებდა.
ჩანგპენგ ჟაოს დამფუძნებლის ქონების შეფასების მკვეთრ კლებასთან დაკავშირებით BMG თავად კრიპტობირჟას დაუკავშირდა, მაგრამ Binance-ში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს, კრიპტობირჟა Binance-მა გარკვეულწილად რთული პერიოდი გამოიარა, რადგან რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებელმა მას ლიცენზია გააუქმა. ამასთან, Binance.US-ის წინააღმდეგ აშშ-ში გამოძიება დაიწყო, მაგრამ, როგორც Binance-ში ამბობენ, Binance.US ცალკე იურიდიული პირია, რომელიც Binance-თან არ არის დაკავშირებული. ამ ყველაფრის ფონზე, კომპანია რამდენიმე აღმასრულებელმა დატოვა.