home
category
tv live menu
EN
Loading data...

ილონ მასკის შეფასებით, Twitter-ის ღირებულება $20 მილიარდამდე განახევრდა

ილონ მასკის შეფასებით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, Twitter-ი, რომელიც მან გასული წლის ოქტომბერში $44 მილიარდად შეისყიდა, ახლა $20 მილიარდი ღირს, - კომპანიის აღნიშნული შეფასება ილონ მასკის მიერ თანამშრომლებისადმი გაგზავნილი წერილიდან ირკვევა.

ელექტრონული წერილით, რომელზეც წვდომა ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემამ, The New York Times-მა მოიპოვა, ილონ მასკმა Twitter-ის თანამშრომლებს კომპანიის კაპიტალიზაციას მიბმული ახალი საბონუსე სისტემა გააცნო. როგორც წერილიდან ირკვევა, კომპანიის წილობრივ ანაზღაურებას Twitter-ის თანამშრომლები, ამიერიდან, X Corporation-ისგან მიიღებენ, ანუ იმ ჰოლდინგური კომპანიისგან, რომლითაც ილონ მასკმა Twitter-ი შეისყიდა.

ამასთან, ერთ დროს მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, საკუთარ წერილში Twitter-ის არც თუ ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ იყო მომენტი, როცა ბანკროტობამდე კომპანიას ოთხი თვე აშორებდა. მისივე თქმით, რადიკალური ცვლილებები, რომლებიც მასკმა Twitter-ში გაატარა, კომპანიის გადასარჩენად კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო.

სოციალური ქსელის განახლებული შეფასებით, Twitter-ი კიდევ ერთი ამერიკული სოციალური ქსელის, Snap-ის არეალში ხვდება, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია დღეს $18.3 მილიარდს შეადგენს. ამასთან, ილონ მასკის შეფასებით, შესაძლოა, ერთ დღეს Twitter-ი $250 მილიარდად შეფასდეს.

საფონდო ბირჟები
საფონდო ბირჟები