უმსხვილესი კრიპტობირჟის, Binance US-ის გენერალურმა დირექტორმა, ბრაიან შროდერმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. კომპანიის დროებითი CEO იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ნორმან რიდი იქნება.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ Binance-ის ამერიკული ოფისიდან 100-მდე თანამშრომელს დაითხოვენ, რაც საერთო სამუშაო ძალის 1/3-ია.
გადადგომის მიზეზებთან დაკავშირებით შროდერს განმარტება არ გაუკეთებია, თუმცა სავარაუდოა, რომ ეს ცვლილება ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟების მარეგულირებელი ორგანოს მიერ Binance US-ის წინააღმდეგ საქმის აღძვრასთან არის დაკავშირებული.
მოგეხსენებათ, ფინანსური მარეგულირებელი კრიპტობირჟას 13 მუხლის დარღვევით ედავება, მათ შორისაა: ფულის გათეთრება, ბუღალტრული ანგარიშების წესების დარღვევა, არალეგალური ტრანზაქციების განხორციელება, მომხმარებლების თანხების არასათანადოდ განკარგვა, აშშ-ის ფინანსური კანონმდებლობის დარღვევა და არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეალიზება.
ბრალდების მხარის განცხადებით, Binance US-ის ხელმძღვანელობა საერთაშორისო ფინანსურ დანაშაულშია ბრალდებული, ამ მრავალმილიარდიანი სქემის მიღმა კი კომპანიის დამფუძნებელი, ჩანგპენგ ჟაო დგას.