მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბინების ქირის ზრდა ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკის წყარო შეიძლება გახდეს - სებ

ექვს თვეში მშენებლობაზე გაცემული ნებართვების რაოდენობა შემცირდა, სამშენებლო ფართი გაიზარდა

ეროვნული ბანკი ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში წერს, რომ 2023 წლიდან უძრავ ქონებაზე ფასის ზრდის ტემპი შემცირდა და ამ ეტაპზე ფასი მშენებლობის ხარჯებისა და ინფლაციასთან თანხვედრაშია.

ანგარიშში წერია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის უარყოფითი შედეგების აღმოფხვრასთან
და ქვეყანაში მიგრაციის ზრდასთან ერთად, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამასთან, მკვეთრადაა გაზრდილი უძრავი ქონების ქირის ღირებულებაც.

რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ქვეყანაში მიგრაცია გაიზარდა, რამაც 2022 წელს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია. თუმცა 2023 წლის პირველ ნახევარში უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ზრდის ტემპის შენელება შეინიშნება. უძრავი ქონების გაყიდვის ფასების ზრდა მეტწილად მშენებლობის ხარჯებისა და სამრეწველო პროდუქციის ინფლაციის თანაზომიერია.

რაც შეეხება ქირას, სებ-ის შეფასებით, ზრდა უფრო მასშტაბურია და მის გრძელვადიან ტრენდს მნიშვნელოვნად აღემატება, რაც ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელოვანი რისკის წყარო შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია კაპიტალიზაციის ინდექსიც, რაც უძრავი ქონების, როგორც საინვესტიციო აქტივის მიმზიდველობის საზომია. თუმცა 2023 წლის პირველ ნახევარში კაპიტალიზაციის ინდექსი მცირედით შემცირდა, რაც ფინანსური სტაბილურობის კუთხით საყურადღებოა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობამ მცირედით დაიკლო, თუმცა კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება.

"უძრავი ქონების ხელმისაწვდომობა მოთხოვნის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარი მდგრადობას ინარჩუნებს, რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე საომარი მოქმედებები რეგიონში გაურკვევლობას მნიშვნელოვნად ზრდის, რაც ბაზარზე აქტივობის შემცირებასთან ერთად, მნიშვნელოვანი რისკების დაგროვების წყარო შეიძლება გახდეს. უძრავი ქონების ბაზარზე დაგროვილი რისკების რეალიზაციას შეუძლია, მნიშვნელოვნად იმოქმედოს ბანკების აქტივების ხარისხზე და, შესაბამისად, ფინანსური სტაბილურობის რისკების წყარო გახდეს. აქედან გამომდინარე, უძრავი ქონების ბაზრის მონიტორინგს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება", - წერია ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები