"ბიო ორგანული მულჩის" მიმართულება საქართველოსთვის ჯერჯერობით უცხოა,- ამის შესახებ bm.ge-სთან „ჯეო მულჩის" დირექტორმა კოტე გოგალაძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობაში „ბიო ორგანული მულჩი“ გამოიყენება, ხოლო ფერადი მულჩი ლანდშაფტური მიმართულებით. კოტე გოგალაძემ თქვა, რომ მოთხოვნა გაზრდილია, როგორც ფერად მულჩზე, ისე „ბიო ორგანული მულჩზე", თუმცა ფერადი მულჩი გაყიდვებში მაინც დიდი უპირატესობით სარგებლობს.
მიზეზები, თუ რატომ პასიურობს სოფლის მეურნეობის მიმართულება, მან რამდენიმე გამოწვევა დაასახელა, მათ შორის არის ინფორმაციის არქონა და ეკონომიკური მდგომარეობა.
"საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და არ გვაქვს ის ფინანსები, რომ ერთჯერადად მეტი ხარჯი გავიღოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. ასევე ბევრმა იცის, რომ ნიადაგი ქიმიური ნივთიერებებით უნდა დაამუშაოს და არ აქვს ინფორმაცია ბიოლოგიური ნივთიერებების შესახებ. ბიო მიმართულება საქართველოსთვის ჯერჯერობით უცხოა, ამიტომაც გვინდა გერმანიაში საერთაშორისო სერტიფიკატი ავიღოთ, რომ ხელში რეალური შედეგები გვეჭიროს და ამ შედეგებით ველაპარაკოთ ფერმერებს“, - განაცხადა მან.
ამ პროცესში სახელმწიფოს როლს კოტე გოგალაძე თანადაფინანსების მიმართულებით ხედავს:"ასე ფერმერსაც შეუმცირდება ხარჯი, სახელმწიფო ბიზნესს გვერდზე დაუდგება და ფერმერი სოფლის მეურნეობაში საგრძნობლად კარგ შედეგს მიიღებს", - ამბობს „ჯეო მულჩის" დირექტორი.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ მულჩი ტყესა და ქალაქში სანიტარიული ჭრების შედეგად დარჩენილი და გამოუყენებელი ხეების გადამუშავების შედეგად მიიღება, რაც ნიადაგის განაყოფიერებისთვის საჭირო პროდუქტია. მულჩით, ნიადაგი იფარება და შედეგად იგი ორგანული მასით მდიდრდება. მულჩს, როგორც ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებას, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს გვალვიანი რაიონებისთვის. იგი იცავს ნიადაგის აგრეგატებს ნალექების მოსვლისას. მულჩი, როგორც სასოფლო–სამეურნეო, ისე დეკორატიულ კულტურებში გამოიყენება.
ნიადაგში მოსავლიანობის ზრდისთვის საჭირო ნივთიერებები, მულჩირების შემდეგ 5-ჯერ გაიზარდა - „ჯეო მულჩი"