მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნიადაგში მოსავლიანობის ზრდისთვის საჭირო ნივთიერებები, მულჩირების შემდეგ 5-ჯერ გაიზარდა - „ჯეო მულჩი"

მულჩი

მულჩის მწარმოებელმა კომპანია „ჯეო მულჩმა“ მულჩირების სარგებლიანობის შესახებ კვლევა ჩაატარა. როგორც bm.ge-სთან კომპანიის დირექტორმა კოტე გოგალაძემ განაცხადა, კვლევა კომპანიის დაფინანსებით „ანასეულმა“ უზრუნველყო.

კომპანიის დირექტორმა თქვა, რომ კვლევამ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა, კერძოდ, მისი თქმით, ნიადაგში, ის საჭირო ნივთიერებები, რაც მოსავლიანობას ზრდის, მულჩირების შემდეგ 5-ჯერ გაიზარდა.

„კომპანიას უკვე აქვს „ანასეულის“ ანალიზის შედეგები. კვლევა 3 ნიმუშზე ჩატარდა და საკონტროლოდ იყო, 3 და 5-წლიანი დამულჩული ნიადაგი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბიო პროდუქტი 3 და 5 წლის წინ ვენახში დავყარეთ და ამან, რა შედეგი მოგვცა ნიადაგში ეს დასკვნაა. შედეგებმა აჩვენა, რომ ნიადაგი ძალიან გაუმჯობესდა და ის საჭირო ნივთიერებები, რაც მოსავლიანობის გაზრდისთვის არის საჭირო დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა“, - განაცხადა მან.

კოტე გოგალაძის თქმით, კომპანია ასევე საერთაშორისო დასკვნის გაკეთებასაც აპირებს, რომელსაც უახლოეს მომავალში გერმანიაში დაუკვეთენ. კითხვას, რატომ აირჩია კომპანიამ გერმანია და არა რომელიმე სხვა ქვეყანა, მან უპასუხა, რომ იქ არის საუკეთესო კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც აგრარული მიმართულებით მუშაობენ.

„ჯეო მულჩს“ ყველა ის სერტიფიკატი გააჩნია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მულჩს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ექსპორტისთვის ასევე საჭიროა საერთაშორისო დასკვნა, ამიტომ უახლოეს მომავალში ვაპირებთ, ამ შედეგებზე დასკვნა გერმანიაშიც ავიღოთ და ქვეყნის გარეთ გავიდეთ“, - განაცხადა მან.

იქიდან გამომდინარე, რომ მულჩი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია და მათ შორის სოფლის მიმართულებითაც გამოიყენება, კოტე გოგალაძეს ვკითხეთ, რამდენად არის ფერმერების მხრიდან მის მიმართ დაინტერესება? მან უპასუხა, რომ დაინტერესება არის, მაგრამ ეს ინტერესი არც ისე მზარდია:„მოთხოვნა გაზრდილია, როგორც ფერად მულჩზე, ისე „ბიო ორგანული მულჩზე", თუმცა ფერადი მულჩი გაყიდვებში დიდი უპირატესობით სარგებლობს“, - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ „ბიო ორგანული მულჩი“ სოფლის მეურნეობაში გამოიყენება, ხოლო ფერადი მულჩი ლანდშაფტური მიმართულებით. მიზეზები, თუ რატომ პასიურობს სოფლის მეურნეობის მიმართულება, მან თქვა, რომ იგი ფერმერებში ინფორმაციის ნაკლებობის გამო, პოპულარული არ არის.

„გარდა არაინფორმირებულობისა, ასევე არ არის პოპულარული ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამო. საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და არ გვაქვს ის ფინანსები, მეტი ხარჯი ერთჯერადად გავიღოთ გრძელვადიანი პერსპექტივისთვის. ასევე ბევრმა იცის რომ ნიადაგი ქიმიური ნივთიერებებით უნდა დაამუშაოს და არ აქვს ინფორმაცია ბიოლოგიური ნივთიერებების შესახებ. ბიო მიმართულება საქართველოსთვის ჯერ-ჯერობით უცხოა, ამიტომაც გვინდა გერმანიაში საერთაშორისო სერტიფიკატი ავიღოთ, რომ ხელში რეალური შედეგები გვეჭიროს და ამ შედეგებით ველაპარაკოთ ფერმერებს“, - განაცხადა მან.

ამ პროცესში სახელმწიფოს როლს კოტე გოგალაძე თანადაფინანსების მიმართულებით ხედავს:"ასე ფერმერსაც შეუმცირდება ხარჯი, სახელმწიფო ბიზნესს გვერდზე დაუდგება და ფერმერი სოფლის მეურნეობაში საგრძნობლად კარგ შედეგს მიიღებს", - ამბობს „ჯეო მულჩის" დირექტორი.

კოტე გოგალაძემ ასევე მულჩის ფასებზე ისაუბრა და განმარტა, რომ 1 ტომარა მულჩი 28 ლარი ღირს; „ბიო ორგანული მულჩი“ კი 27 ლარი; რაც შეეხება შეუფერავ მულჩს, მისი ფასი 25 ლარია.

რა არის მულჩი?

მულჩი ტყესა და ქალაქში სანიტარიული ჭრების შედეგად დარჩენილი და გამოუყენებელი ხეების გადამუშავების შედეგად მიიღება, რაც ნიადაგის განაყოფიერებისთვის საჭირო პროდუქტია. მულჩით, ნიადაგი იფარება და შედეგად იგი ორგანული მასით მდიდრდება. მულჩს, როგორც ეროზიის საწინააღმდეგო ღონისძიებას, უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს გვალვიანი რაიონებისთვის. იგი იცავს ნიადაგის აგრეგატებს ნალექების მოსვლისას. მულჩი, როგორც სასოფლო–სამეურნეო, ისე დეკორატიულ კულტურებში გამოიყენება.

2023 წელს „ჯეო მულჩმა“ წარმოება 35%-მდე გაზარდა - კომპანიის გეგმები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები