მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს „ჯეო მულჩმა“ წარმოება 35%-მდე გაზარდა - კომპანიის გეგმები

მულჩი

გასულ წელს, 2022 წელთან შედარებით, „ჯეო მულჩმა“ წარმოება 35%-მდე გაზარდა, - ამის შესახებ bm.ge-სთან კომპანიის დირექტორმა კოტე გოგალაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, მოთხოვნა გაზრდილია, როგორც ფერად მულჩზე, ისე „ბიო ორგანული მულჩის“ მიმართულებით, თუმცა ფერადი მულჩი გაყიდვებში ჯერ-ჯერობით ისევ დიდი უპირატესობით სარგებლობს. რაც შეეხება მულჩის წარმოებას, მისი თქმით 2023 წელს კომპანიამ, დაახლოებით, 1000 კუბი მულჩი აწარმოა, რისი ზრდის პერსპექტივაც კომპანიას აქვს.

“ბიო მულჩი“, რომელიც სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოიყენება, ფერმერებში ინფორმაციის ნაკლებობის გამო, ისეთი პოპულარული არ არის, როგორც ფერადი მულჩი. ლანდშაფტური მიმართულებით, რისთვისაც ფერადი მულჩი გამოიყენება, ძირითადად მუნიციპალიტეტები აქტიურობენ. ასევე, თბილისის და რუსთავის გარდა დასავლეთ საქართველოშიც გავედით. ამასთან, „ჯეო მულჩი“ ტენდერებში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ვინც იგებს ტენდერს კონტრაქტორები გვიკავშირდებიან და მულჩს უკვეთავენ. ჯამში კომპანიას წარმოება 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, 30-35%-მდე გაიზარდა“, - განაცხადა მან.

კოტე გოგალაძის თქმით, "ჯეო მულჩი“ ჯერ-ჯერობით, ადგილობრივ ბაზარზე ოპერირებს.რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს, მისი თქმით აქტიური მოლაპარაკებები მიდის აზერბაიჯანთან, მაგრამ კომპანიის მხრიდან გარკვეული რეგულაციების დაკმაყოფილებაა საჭირო, რომ პროდუქტი ექსპორტზე გავიდეს.

„კომპანიას უკვე აქვს „ანასეულის“ ანალიზის შედეგები, რომელმაც საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. კვლევა 3 ნიმუშზე ჩატარდა და საკონტროლოდ იყო, 3 და 5-წლიანი დამულჩული ნიადაგი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ბიო პროდუქტი 3 და 5 წლის წინ ვენახში დავყარეთ და ამან, რა შედეგი მოგვცა ნიადაგში ეს დასკვნაა. შედეგებმა აჩვენა, რომ ნიადაგი ძალიან გაუმჯობესდა და ის საჭირო ნივთიერებები, რაც მოსავლიანობის გაზრდისთვის არის საჭირო დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა. „ჯეო მულჩს“ ყველა ის სერთიფიკატი გააჩნია, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მულჩს უნდა ჰქონდეს, მაგრამ ექსპორტისთვის ასევე საჭიროა საერთაშორისო დასკვნა, ამიტომ უახლოეს მომავალში ვაპირებთ, შედეგებზე დასკვნა გერმანიაშიც ავიღოთ და გავიდეთ ქვეყნის გარეთაც. საექსპორტო ბაზრებს შორის, ამ ეტაპზე აზერბაიჯანი ყველაზე პრიორიტეტულია, რადგან იქიდან არის მოთხოვნა“, - განაცხადა მან.

კითხვას, რატომ აირჩია კომპანიამ გერმანია და არა რომელიმე სხვა ქვეყანა, მან უპასუხა, რომ იქ არის ყველაზე საუკეთესო კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც აგრარული მიმართულებით მუშაობენ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, კოტე გოგალაძემ ხაზგასმით თქვა, რომ 2024 წელს მათთვის პრიორიტეტი საველე დანადგარის შეცვლაა:"მუშაობით მუშაობს, მაგრამ ახალი დანადგარით წარმადობის ზრდას და ხარჯის შემცირებას შევძლებთ, ამიტომ მიმდინარე წლის პრიორიტეტი ჩვენთვის ეს არის".

კოტე გოგალაძემ ასევე მულჩის ფასებზე ისაუბრა და განმარტა, რომ 1 ტომარა მულჩი 28 ლარი ღირს; „ბიო ორგანული მულჩი“ კი 27 ლარი; რაც შეეხება შეუფერავ მულჩს, მისი ფასი 25 ლარია.

რა არის მულჩირება და რით განსხვავდება ქიმიური სასუქებისგან? - განმარტება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები