ქართულმა ბიოფარმაცევტულმა კომპანიამ „ბიოქიმფარმი“ ისტორიული ბაქტერიოფაგების (ფაგების) საწარმოს მოდერნიზაციისა და გადაიარაღების პროცესი დაასრულა. ევროკავშირის, EBRD-ის, FAO-სა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, 17,5 მილიონი ლარის (€6,000,000) 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი განხორციელდა. შედეგად, „ბიოქიმფარმმა“ საწარმო ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია. ამ გზით, კომპანია, უახლოეს თვეებში, GMP სერტიფიცირებაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ვულოცავთ „ბიოქიმფარმს“ ახალი საწარმოს გახსნას! ეს კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, ფარმაცევტული პროდუქტები კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) შესაბამისად, ევროკავშირში მიღებული სტანდარტით აწარმოოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს წარმატება სხვა კომპანიებისთვის შთაგონება იქნება, რათა გაზარდონ ცოდნით გაჯერებული, მაღალი დამატებული ღირებულების მქონე წარმოების შექმნა საქართველოში“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ, საწარმოში ვიზიტის დროს.
„მოხარულები ვართ, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს იმ ძალიან დიდ ტრადიციებს, რომელიც ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების კუთხით გააჩნია. საქართველო ტექნოლოგიების რუკაზე, მათ შორის, ბიოტექნოლოგიების რუკაზე, ამ საწარმოს მეშვეობით, ამაყად იქნება წარმოდგენილი მომავალში“, - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. ცნობისთვის, „ბიოქიმფარმი“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობითაც სარგებლობს.
„ფაგის პრეპარატების წარმოება და ფაგოთერაპია ჯერ კიდევ სიახლეა მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში. მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგებზე, რის გამოც პაციენტები დაუცველები არიან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ. ამ პროექტით, კომპანია ზრდის საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს, რის შედეგადაც, ფაგები ხელმისაწვდომი გახდება მილიონობით პაციენტისთვის, მთელს მსოფლიოში. საწარმოს მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიას, გააფართოვოს წარმოება საერთაშორისოდ აღიარებული წარმოების სტანდარტების შესაბამისად, გახდეს უფრო ეფექტური რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაძლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური საფრთხე”, - აღნიშნა „ბიოქიმფარმის“ გენერალურმა მენეჯერმა რატი ღოლიჯაშვილმა.
„ბიოქიმფარმის“ ახლად მოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწარმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.
EBRD-მა სესხი მისი პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის, „პროკრედიტ ბანკის“ მიერ გასცა. სესხი მიზნად ისახავდა წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან (GMP - კარგი საწარმოო პრაქტიკა) შესაბამისობაში მოყვანას, რომელიც ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე წვდომისთვის სავალდებულოა.
ამასთან, ევროკავშირი დამატებით გადასცემს გრანტს კომპანიას, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში.
ევროკავშირისა და FAO-სგან კი კომპანიამ, ENPARD-ის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში €125,000-ის მოცულობის, შესაბამისი გრანტი მიიღო, რომელიც „PowerPhage“-ის წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კერძოდ, ფაგებზე დაფუძნებული, ბუნებრივი ანტიმიკრობული პრეპარატის წარმოებას, რომელიც ანაცვლებს ანტიბიოტიკებს საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიასა და მეფრინველეობის ფერმებში. აღნიშნული თანადაფინანსების გრანტი მთლიანი ინვესტიციის ნაწილია, რომელიც PowerPhage-ის წარმოების 300%-ით ზრდას ისახავს მიზნად. საგრანტო კონტრიბუცია საწარმოო ხაზის განახლებას მოხმარდა.
„ბიოქიმფარმი“ საქართველოში დაფუძნებული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ბაქტერიოფაგის (ფაგების) პრეპარატებს აწარმოებს. ამჟამად, ფაგის მედიკამენტები ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივაა მსოფლიოს მასშტაბით. „ბიოქიმფარმი“ ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, ასაქმებს 60-ზე მეტ ადამიანს, ფლობს 2 საერთაშორისო პატენტსა და ფაგების კვლევა-განვითარებისა და წარმოების თითქმის 100 წლიან გამოცდილებას.