მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბირჟებზე ხორბლის გაიაფება ამ ეტაპისთვის ჩვენთვის არაფერს ცვლის“ – ქეთევან კუბლაშვილი

62d5726e75fb4
ვიქტორია მღებრიშვილი
18.07.22 21:16
1904
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, წისქვილკომბინატების ამუშავებასთან დაკავშირებით დარგის წარმომადგენლებთან მიმდინარე მოლაპარაკებები ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბირჟებზე ხორბლის შემცირებული ფასის და ადგილობრივი ხორბლის ახალი მოსავლის ფაქტორების გათვალისწინებით გადაწყდება.

იქონიებს თუ არა გავლენას ხორბლის შემცირებული ფასი საქართველოს ბაზარზე და შეძლებენ თუ არა წისქვილკომბინატები ამუშავების მიზნით გაიაფებული ხორბლის პირობებში მარაგების შექმნას - ამ კითხვებს „საქმის კურსში" ფოთის მარცვლეულის ტერმინალის დირექტორი ქეთევან კუბლაშვილი პასუხობდა.

სექტორის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ბირჟებზე არსებული ხორბლის გაიაფების ტრენდი შავი ზღვის აუზზე გავლენას არ მოახდენს და საქართველოში წისქვილკომბინატების ნაწილში არსებულ მდგომარეობას არ შეცვლის.

„ხორბლის ბაზარზე მსოფლიოში არსებული ტრენდი ფასზე აისახება, თუმცა შავი ზღვის მიკროკლიმატში ფასწარმოქმნა ბირჟისგან დამოუკიდებლად ხდება. ფასებს შავი ზღვის აუზში მწარმოებელი ქვეყნები - რუსეთი და უკრაინა ადგენენ. უკრაინული მხარე არ გაჩერებულა, რადგან მათთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

თუმცა ამ პერიოდში ანუ ნებისმიერი წლის ივლისში, იქ სადაც ხორბლის ახალი მოსავლის აღება ხდება, ფასები ქვემოთ იწევს. შესაბამისად, ჩვენთანაც ფასები შემცირდა...

ამასთან, ხორბალზე ფასების დაწევა ამ ეტაპისთვის ჩვენთვის რაიმე ახალი მანიშნებელი არ არის. რადგან ამ წუთას საქართველოს ბაზარი ფქვილით მარაგდება. ეს, ვიცით რომ რუსეთის მიერ ხორბალზე საექსპორტო ბაჟის დაწესებამ განაპირობა, განსხვავებით ფქვილისგან“, - ამბობს კუბლაშვილი.

ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ საქართველოში ხორბლის იმპორტის გასააქტიურებლად მთავრობის მხრიდან წისქვილკომბინატების ამოქმედების შესახებ გადაწყვეტილება  დროულად არის მისაღები.

„თითოეული მეწარმე საქართველოში, წისქვილის მეპატრონე თავად წყვეტს შეიძინოს თუ არა ახლა ხორბალი დაბალ ფასად, თუმცა ჩვენს შემთხვევაში ახლა ამ გადაწყვეტილების მიღებას აზრი არ აქვს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ადგილობრივი მოსავალი, რომელიც მოხმარების 15%-ს შეადგენს, ნებისმიერი მეწარმისთვის იმპორტირებული ხორბლის დამხმარე იქნება.

ამ გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება. ჩვენი მხარე მოხარული იქნება თუ მთავრობასთან წისქვილკომბინატების საკითხზე მიმდინარე დიალოგი არათუ გაგრძელდება, არამედ დასრულდება, რადგან არსებობს გარკვეული საზღვარი, რომლის გადაკვეთა გვაზარალებს. თუ ყველა მეწარმე სამსახურიდან ყველა დასაქმებულს გაათავისუფლებს, წისქვილის მუშაობისთვის საჭირო მუშახელის მობილიზება ადვილად ვერ მოხერხდება, ამიტომ პრობლემა შეექმნება როგორც ადგილობრივ ფერმერს, რომელმაც ახალი ხორბლის მოსავალი აიღო, ასევე წისქვილკომბინატებსაც, რომლებიც მუშაობის განახლებას გეგმავენ, ამიტომ თუ ეს გადაწყვეტილება მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, და ვიცით რომ მნიშვნელოვანია, ეს დიალოგი ახლა უნდა შედგეს“, - განმარტა ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ ფოთის მარცვლეულის ტერმინალმა გასულ კვირას სატესტოდ 3 000 ტონა უკრაინული ხორბალი შეიძინა: „იმედი გვაქვს ეს გამოგვადგება მომავალში და მთავრობაც არ დააყოვნებს ამ დიალოგის დასრულებას“.

ქეთევან კუბლაშვილმა აღნიშნა, ხორბლის მარაგების არსებობა ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. მან ასევე თქვა, რომ არსებული ფასების პირობებში იმპორტირებული ხორბლით წარმოებული პური უფრო ძვირი ეღირება, ვიდრე შემოტანილი ფქვილით პურის გამოცხობა.

საერთაშორისო სასაქონლო ბირჟაზე ხორბლის, სიმინდისა და შვრიის ფასები მცირდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები