მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბირჟაზე ნავთობის ფასი ისევ იზრდება

სირია

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასი იზრდება, თუმცა წინა კვირასთან შედარებით ზრდის ტემპი შემცირებულია. ნედლი ნავთობი ამ დროისთვის 93 დოლარამდეა გაძვირებული, კვირის ჭრილში ფასი 15%-ით არის გაზრდილი. ბრენტის ტიპის ნავთობი 98 დოლარამდე გაძვირდა, წინა კვირასთან შედარებით აქაც 15%-იანი მატება გვაქვს. 93 დოლარამდეა გაძვირებული WTI-ც.

რუსული ურალსის ფასი კი შემცირდა, თუმცა საფასო ჭერზე ბევრად მეტი 85 დოლარი ღირს, წინა კვირასთან შედარებით რუსული ნავთობი 24%-ით არის გაძვირებული.

ნავთობზე ფასი იზრდება, თუმცა ზრდის ტემპი შემცირებულია, რადგან მიმდინარე კვირის დასაწყისში ნედლეულზე ფასი 100 დოლარსაც აჭარბებდა, ხოლო გასული კვირა ბაზარმა საშუალოდ 30%-იანი მატებით ჩახურა.

28 თებერვლიდან მსოფლიო ახალი მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა. ყველაფერი ირანზე ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაციით დაიწყო, რასაც ირანმა საპასუხო დარტყმებით უპასუხა რეგიონის სხვა ქვეყნებზეც.

ირანი, ისრაელის გარდა, რაკეტებით უტევდა არაერთ მეზობელს არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, საუდის არაბეთს, კატარს, ერაყს, ქუვეითსა და ბაჰრეინს. მთავარი სამიზნე რა თქმა უნდა, აშშ-ის სამხედრო ბაზებია.

ახლო აღმოსავლეთში ნებისმიერი დაძაბულობა, მით უფრო ასეთი მასშტაბის კონფლიქტი ბუნებრივია, გავლენას ახდენს ენერგეტიკულ ბაზრებზე, რადგან ეს ქვეყნები მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორები არიან.

ასევე ჩაკეტილი რჩება ჰორმუზის სრუტე, ვიწრო გასასვლელი სპარსეთის ყურიდან ოკეანეში, რომელიც წლიურად მსოფლიო ნავთობის მეხუთედს ატარებს. ჰორმუზის სრუტიდან ნავთობი გააქვთ: საუდის არაბეთს, ირანს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს (UAE), ქუვეითსა და ერაყს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისმა ჩაკეტვამ ნავთობის ბაზრებზე მიწოდება შეაფერხა ამან კი ცხადია ფასი გაზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები