საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია 2 ტრილიონ 850 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც ერთ კვირაში 2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
გასული კვირის განმავლობაში მკვეთრად დაეცა ბიტკოინის ღირებულება და ის ამჟამად 86,000 დოლარად ივაჭრება, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.7 ტრილიონის ფარგლებშია.
რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი 2,350 დოლარს შეადგენს, მისი კაპიტალიზაცია კი $283 მილიარდია, რაც 14%-იან კლებას წარმოადგენს.
კრიპტოაქტივების ფასების შემცირება რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კრიპტობირჟა BYBIT-ზე განხორციელებული კიბერშეტევაა, რომლის შედეგად, ჰაკერებმა რეკორდული $1.5 მილიარდი კრიპტოაქტივები მოიპარეს. აღნიშნული მოვლენა კრიპტობირჟების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნებს აჩენს და ინვესტორებში შიშის გრძნობას იწვევს.
ამასთან, ცოტა ხნის წინ, სრული კოლაფსი განიცადა არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მიერ მხარდაჭერილმა მიმკოინმა, LIBRA-მ, რომელმაც მილიონობით ინვესტორს ზარალი მოუტანა.
აგრეთვე, გაცამტვერებულია პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შექმნილი კრიპტოვალუტაც, რომელიც ასევე მიმკოინების კატეგორიას მიეკუთვნებოდა.
საერთო ჯამში, ვხედავთ, რომ გლობალურ ასპარეზზე ნეგატიური სიახლეები და მოვლენები გროვდება, რაც ბაზრის შეფასებაზე არასახარბიელოდ აისახება.