Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის განცხადებით, ბიტკოინის ფასი შეიძლება 1 მილიონ დოლარამდე გაიზარდოს, რისი მთავარი მიზეზიც მთავრობების მიერ ფულის მასობრივი ბეჭდვა იქნება.
დუროვმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოები ისე ბეჭდავენ ფიატურ ვალუტას, „თითქოს ხვალინდელი დღე არ არსებობდეს“, რაც გარდაუვალს ხდის ვალუტის დევალვაციას და აქტივების გაძვირებას.
დუროვის აზრით, ბიტკოინი წარმოადგენს ერთადერთ რეალურ ალტერნატივას იმ სისტემის წინააღმდეგ, სადაც ცენტრალური ბანკები ინფლაციის მეშვეობით ხალხის დანაზოგებს მიზანმიმართულად აუფასურებენ. მისი თქმით, ბიტკოინის შეზღუდული რაოდენობა მას იდეალურ ციფრულ ოქროდ აქცევს, რომელიც ძვირფას მეტალზე მოქნილი, დაცული და პრაქტიკულია.
Telegram-ის ხელმძღვანელმა ასევე ხაზი გაუსვა დეცენტრალიზაციის მნიშვნელობას, როგორც პიროვნული თავისუფლებისა და საკუთრების დაცვის გარანტიას. მისი აზრით, სამთავრობო კონტროლისგან თავის დაცვის რეალურ საშუალებას მხოლოდ დეცენტრალიზაცია იძლევა.
მიუხედავად იმისა, რომ $1-მილიონიანი ნიშნული ექსპერტთა ნაწილისთვის ისევ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნება, დუროვი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ დროის საკითხია, რადგან ბიტკოინის მათემატიკური ალგორითმი უფრო სანდოა, ვიდრე პოლიტიკოსების გადაწყვეტილებები.
დუროვი იმასაც ამბობს, რომ დღეს მის საკუთრებაში მხოლოდ კრიპტოვალუტა და Telegram-ის წილია – სხვა აქტივს ის არ ფლობს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი ქონების შეფასება ოფიციალურად 17 მილიარდ დოლარს აღწევს.




























