საერთაშორისო კრიპტობირჟაზე დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება – დღეს ბიტკოინის ფასი 61,000-დოლარიან ნიშნულამდე დაეცა, რაც ერთ კვირაში თითქმის 18%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
ასევე, დაღმასვლაა ეთერიუმთან მიმართებითაც, რომელიც 1,700 დოლარად ივაჭრება, რაც 15%-იან კორექციას წარმოადგენს.
საერთო ჯამში, ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია $2.2 ტრილიონამდე არის შემცირებული, რაც დაახლოებით 10%-იანი ვარდნაა.
ამასთან, შიშისა და სიხარბის ინდიკატორი, ამჟამად 20%-იან ნიშნულზეა, რაც ბაზარზე ექსტრემალური შიშის არსებობაზე მიუთითებს.
ვარდნის მიზეზს რაც შეეხება, ის ორ ძირითად ფაქტორს უკავშირდება. პირველი ისაა, რომ ბიტკოინის უმსხვილესმა მფლობელმა კომპანია Strategy-მ (ყოფილი MicroStrategy) ბოლო წლების განმავლობაში ციფრული აქტივის პირველი გასხვისების ოპერაცია განახორციელა, რამაც ბირჟაზე მისი აქციების მკვეთრი კლება და ბიტკოინის გაუფასურება გამოიწვია.
როგორც ირკვევა, მაიკლ სეილორის კომპანიამ 26 მაისიდან 31 მაისის ჩათვლით პერიოდში 32 ბიტკოინი გაასხვისა, რის შედეგადაც, მოსაკრებლებისა და ხარჯების გამოკლებით, $2.5 მილიონი მოიზიდა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რეზერვების ნაწილობრივი გაყიდვა ინვესტორებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან კომპანია წლების განმავლობაში ბიტკოინის გრძელვადიანი შენარჩუნების სტრატეგიას აქტიურად მიჰყვებოდა და სეილორი აცხადებდა, რომ ის ბიტკოინს არასოდეს გაყიდდა.
მეორე, მაკრო ფაქტორი ისაა, რომ აშშ-ის საფონდო ბირჟა თითქმის ყოველდღიურად ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს, ასეთ დროს კი ბუნებრივად იწყება კაპიტალის როტაცია, რადგან იმ ინვესტორებს, რომელთაც თანხა კრიპტოში ჰქონდათ დაბანდებული, სურვილი უჩნდებათ ინვესტიცია Nasdaq-ის ინდექსში ან მსხვილ AI-კომპანიებში გადაიტანონ, რომელთაც გამორჩეულად პოზიტიური შედეგები აქვთ.




























