ბიტკოინი მკვეთრ ვარდნას განაგრძობს და 5%-იანი კლების შემდეგ, დღეს მისი ფასი 62,800 დოლარს ქვემოთ ჩამოვიდა. ანალოგიური შედეგი აქვს ეთერიუმსაც, რომელიც 1,800 დოლარამდეა შემცირებული.
მიუხედავად კრიპტოინდუსტრიის მიმართ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გაცხადებული მხარდაჭერისა, ბაზარი 2025 წლის ოქტომბრის შემდეგ დაღმასვლის რეჟიმში იმყოფება, რამაც ბიტკოინის ღირებულება მის ისტორიულ მაქსიმუმთან, ანუ 126,000 დოლართან შედარებით თითქმის გაანახევრა.
ანალიტიკოსები ბიტკოინის ამჟამინდელ ვარდნას რამდენიმე ფუნდამენტურ ფაქტორს უკავშირებენ, სადაც მთავარ როლს ტრამპის სატარიფო პოლიტიკა ასრულებს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი კრიპტოაქტივების მომხრეა, მისმა აგრესიულმა გლობალურმა სატარიფო პოლიტიკამ ბაზარზე გაურკვევლობა და სარისკო აქტივების მიმართ შიში დათესა.
ასეთ გარემოში ინვესტორები ბიტკოინს არა ციფრულ ოქროდ ან უსაფრთხო აქტივად, არამედ მაღალრისკიან ტექნოლოგიად აღიქვამენ, რომლის შეფასება არა ფუნდამენტურ ღირებულებასთან, არამედ სპეკულაციურ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. როდესაც ბაზარზე შიში ისადგურებს და რისკის მიმართ აპეტიტი მცირდება, ასეთ დროს ინვესტორები სარისკო აქტივებს ყიდიან, მათ შორის ერთ-ერთი პირველი კი სწორედ ბიტკოინია.
დამატებითი წნეხი მოდის ინსტიტუციური სექტორიდანაც, სადაც ბოლო კვირებში ბიტკოინის ETF-ებიდან ასეულობით მილიონი დოლარის გადინება ფიქსირდება, ანუ კრიპტოვალუტებს არა მხოლოდ საცალო ინვესტორები, არამედ ჰეჯ-ფონდები და საინვესტიციო ბანკებიც ყიდიან.
ექსპერტების შეფასებით, კრიპტოვალუტების ირგვლივ არსებული ემოციური „ჰაიპი“ ქრება, რადგან დაპირებული საკანონმდებლო რეფორმები ჯერაც არ ჩანს და რეალურ სამყაროში კრიპტოაქტივების ათვისების და გამოყენების მაჩვენებელი ჯერაც საკმაოდ დაბალია.




























