მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიტკოინის შესაძენად ამერიკულმა კომპანიამ $4.6 მილიარდის ვალი აიღო

MicroStrategy

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია MicroStrategy-მ დამატებითი რაოდენობით ბიტკოინის შესაძენად ინვესტორების მხრიდან 4 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ვალი აიღო და 52,000-მდე ბიტკოინი შეიძინა.

კომპანიის ხელმძღვანელის, მაიკლ სეილორის განცხადებით, მომდევნო ათწლეულის განმავლობაში ბიტკოინზე უკეთესი ამონაგები არცერთ სხვა საინვესტიციო აქტივს არ ექნება, ამიტომ კომპანია ათწლიან კორპორაციულ ობლიგაციებს უშვებს და მოზიდული თანხით კრიპტოაქტივს ყიდულობს. გარდა ამისა, კომპანია ბირჟაზე დამატებით აქციებს უშვებს, რათა ინვესტორების მხრიდან მოზიდული თანხა ბიტკოინის შესყიდვაზე მიმართოს.

უნდა აღინიშნოს, რომ MicroStrategy ბიტკოინის უმსხვილესი კორპორაციული ინვესტორია მსოფლიოში. საერთო ჯამში, კომპანია 331,000-მდე ბიტკოინს ფლობს, პორტფელის საერთო შეფასება კი $32 მილიარდს აღწევს. როგორც ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა, MicroStrategy-ს ბიტკოინზე თითქმის 200%-იანი საინვესტიციო ამონაგები აქვს.

მაიკლ სეილორი აცხადებს, რომ ის ბიტკოინის გაყიდვის პერსპექტივას არც განიხილავს. მისი განმარტებით, უოლ-სტრიტზე ETF-ების გამოჩენით პანდორას ყუთი გაიხსნა და ბიტკოინი საინვესტიციო ფონდებისა და კომპანიებისთვის ხელმისაწვდომ აქტივად იქცა. ამ მოცემულობის ფონზე, ბიტკოინის გაყიდვა აზრს მოკლებული გადაწყვეტილება იქნება, რადგან ბიტკოინის მსგავსი ზრდის პოტენციალი სხვა არცერთ საინვესტიციო აქტივს არ აქვს.

სეილორი იმასაც ამბობს, რომ სანამ ბაზარზე ბიტკოინზე უკეთესი აქტივი არ გამოჩნდება, ის მას მანამდე არ გაყიდის. ბიტკოინის ჩანაცვლება კი, შესაძლოა, ვერასოდეს ვერაფერმა შეძლოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები