Core Scientific-მა, რომელიც აშშ-ში დაფუძნებული ბიტკოინის უმსხვილესი მაინერია, ინფრასტრუქტურის გაქირავების გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შედეგად, კომპანიის მფლობელობაში არსებული კომპიუტერული სიმძლავრის ნაწილი ხელოვნური ინტელექტის გამოკვებაზე წარიმართება.
თავად ამ შესაძლებლობას იმ მოცემულობა იძლევა, რომ კრიპტოაქტივების მაინერები უმძლავრეს კომპიუტერულ მოწყობილობებს იყენებენ, რომელთაც ორმაგი დანიშნულება გააჩნიათ და მათი გამოყენება AI-ოპერაციების ჩასატარებლადაც შეიძლება. თავად ზემოხსენებული საქმიანობა კი ამჟამად განსაკუთრებით სარფიანია, რადგან AI-ზე მოთხოვნა მსოფლიოს მასშტაბით მკვეთრად იზრდება, რაც სპეციალურ data-ცენტრებზე ზეწოლას ზრდის.
როგორც ცნობილია, Core Scientific-ის ინფრასტრუქტურით CoreWave-ი ისარგებლებს, რომელიც cloud-სერვისების და AI-გამოთვლების პროვაიდერია. საერთო ჯამში, CS-ის მხრიდან 200 მეგავატის სიმძლავრის კომპიუტერული სიმძლავრის გამოყოფა იქნება უზრუნველყოფილი, რომლის სანაცვლოდ მომდევნო 12 წლის განმავლობაში CoreWave-მა CS-ს დაახლოებით 3.5 მილიარდი დოლარი უნდა გადაუხადოს.
AI-ზე მოთხოვნის ზრდის გარდა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის აპრილში ბიტკოინის ჰალვინგი მოხდა, ანუ კრიპტოვალუტის გამომუშავება პირდაპირ განახევრდა, რაც მაინერების შემოსავლიანობაზე ნეგატიურად აისახა, ამიტომ data-ცენტრების ოპერატორებს არაეფექტიანი მაინერების გამორთვა, ან მათი სხვა დანიშნულებით გამოყენება მოუწიათ, ერთ-ერთი დანიშნულება კი სწორედ AI-ს გამოკვებაა.
ექსპერტების შეფასებით, უახლოეს მომავალში Core Scientific-ის მსგავს გადაწყვეტილებებს სხვა მსხვილი მაინერებიც მიიღებენ, რადგან პორტფელის დივერსიფიკაცია ამჟამად მათთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია.