მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტი საქართველოს რკინიგზას სამგზავრო გადაყვანების კომპენსირებისთვის 8 მილიონ ლარს გადაუხდის

რკინიგზა სამგზავრო

საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს 8 მილიონ ლარს მიიღებს - ამას ითვალისწინებს რკინიგზასა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს” შორის გაფორმებული შეთანხმება.

რკინიგზა ანაზღაურებას მიიღებს სამგზავრო გადაყვანების სერვისის კომპენსირების სახით, რადანაც ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, დაფინანსება აუცილებელია, რადგანაც სამგზავრო გადაყვანების სეგმენტი კომპანიისთვის ფინანსურად ზარალიანია. აღნიშნული კომპენსაცია სწორედ ამ ზარალის დაფარვას მოხმარდება.

რკინიგზა წლების განმავლობაში მიუთითებს, რომ სამგზავრო გადაყვანების სეგმენტი მისთვის წაგებიანია და ამ მიმართულებით აუცილებელია ევროკავშირის გამოცდილების გაზიარება და სახელმწიფოს მიერ სამგზავრო გადაყვანების კომპენსირების დაწყება.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2023 წელს საქართველოს რკინიგზის მგზავრთნაკადი 42%-ით, 2.28 მილიონ მგზავრამდე გაიზარდა, მგზავრებიდან მიღებული შემოსავალი კი 50%-ით 41.2 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

საქართველოს რკინიგზის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშში არაა მითითებული თუ რამდენი მილიონი ლარის ზარალი იყო დაკავშირებული გასულ წელს სამგზავრო გადაყვანებთან, თუმცა ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების დოკუმენტის თანახმად, 2022 წელს რკინიგზის ზარალი ამ საქმიანობიდან 7.5 მილიონი ლარი იყო.

BMG-იმ პროექტთან დაკავშირებით კითხვებით მიმართა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, სადაც განმარტავენ, რომ პირველ ეტაპზე თანხა 8 მილიონი ლარი იქნება და ის საქართველოს რკინიგზისთვის სამგზავრო გადაყვანების საჯარო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ხარჯებს დაფარავს.

- რა სქემით მოხდება „საქართველოს რკინიგზისთვის“ ამ თანხის გადახდა? (როდის მიიღებს რკინიგზა ამ თანხას, ერთჯერადად თუ ნაწილ-ნაწილ. თუ განაწილდება თანხა, როგორი იქნება ტრანშების მოცულობა)

სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოსა და სს „საქართველოს რკინიგზას“ შორის 2024 წლის 14 ივნისს გაფორმდა საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ამოქმედდა 2024 წლის 1 ივლისიდან და ძალაშია 2028 წლის ბოლომდე. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება გამომდინარეობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ევროკავშირის #1370/2007 რეგულაციის საფუძველზე მიღებული კანონმდებლობიდან და წარმოადგენს კიდევ ერთ წინ გადადგმულ ნაბიჯს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეფორმის განხორციელებისა და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

ხელშეკრულების საფუძველზე მოხდება სარკინიგზო ოპერატორის მიერ საზოგადოებრივი მომსახურების შესრულების ფარგლებში გაწეული ხარჯების სრულად ან ნაწილობრივ კომპენსირება, ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, მიმდინარე წლისთვის კომპენსაციის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 8 მლნ ლარით, რომელიც სააგენტოს, როგორც საზოგადოებრივი მომსახურებაზე კომპეტენტური ორგანოს, მიერ გადაიხდება ყოველთვიურად და დამოკიდებული იქნება სარკინიგზო ოპერატორის მიერ ფაქტობრივად გაწეულ მომსახურებაზე, რაც გამოითვლება შესრულებული მატარებელ-კილომეტრით, აგრეთვე, კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების მეთოდოლოგიას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც მიღებულია ევროკავშირის რეგულაციის შესაბამისად და რომლის თანახმად, კომპენსაციის დათვლა ძირითადად მოხდება სამგზავრო გადაყვანის მომსახურებისთვის გაწეულ ხარჯსა და ბილეთების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის სხვაობის გათვალისწინებით, ამასთან, ვინაიდან საწყის ეტაპზე, 2024 წლისთვის არსებული რესურსი სრულად ვერ უზრუნველყოფს საკომპენსაციო ოდენობის დაფარვას, ხელშეკრულებით განსაზღვრულია ყოველთვიურად გადასახდელი კომპენსაციის ზღვრული ოდენობები.

- როდესაც იყო საუბარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მგზავრთგადაყვანის კომპენსაციაზე, მაშინ საპარლამენტო განხილვებისას ითქვა, რომ „საქართველოს რკინიგზა“ ამ მიზნით წლიურად 50 მლნ-ს მიიღებდა, რატომ მოხდება წელს მხოლოდ ₾8 მლნ-ის გადახდა და ეს თანხა მგზავრთა გადაყვანისთვის „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გაწეული ხარჯის დაახლოებით რა პროცენტს დაფარავს?

მიუხედავად იმისა, რომ კომპენსაცია დღესდღეობით სრულად ვერ უზრუნველყოფს იმ ხარჯების დაფარვას, რაც არსებობს მგზავრთა გადაყვანის მომსახურების მიმართულებით და საწყის ეტაპზე კომპენსაცია გადაიხდება ნაწილობრივი ოდენობის სახით აღნიშნული ხელს უწყობს იმას, რომ ეტაპობრივად სრულად ამოქმედდეს საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულება და მისით გათვალისწინებული მექანიზმები, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის მგზავრთა გადაყვანის მომსახურებას. საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში გასაცემი კომპენსაციის ოდენობა დამოკიდებულია სახელმწიფო ბიუჯეტის რესურსზე, რომელიც გამოიყოფა აღნიშნული მიმართულებისთვის.

- მომდევნო წლებში, მაგალითად 2025 წელს რა მოცულობის იქნება კომპენსაცია, ისევ 8 მლნ ლარი თუ გაიზრდება თანხა?

მომდევნო წლებში კომპენსაციის ოდენობის გაზრდა დამოკიდებული იქნება სახელმწიფო ბიუჯეტში არსებულ რესურსზე, რომელიც გამოიყოფა სარკინიგზო ტრანსპორტისთვის და კონკრეტულად ამ მიმართულებისთვის და რის თაობაზეც ცნობილი გახდება მიმდინარე წლის ბოლოსთვის, როდესაც წარდგენილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი. აგრეთვე, სამომავლოდ საკომპენსაციო ოდენობა დამოკიდებული იქნება სამგზავრო გადაყვანის მომსახურებასთან დაკავშირებული ფინანსური გაანგარიშების მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე, რასთან დაკავშირებითაც ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება. დღეის მდგომარეობით, იქიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო საკომპენსაციო ოდენობის მხოლოდ ნაწილს ფარავს, ნაწილს კვლავ დააკომპენსირებს საქართველოს რკინიგზა, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ სამომავლოდ სამგზავრო გადაყვანების მიმართულება სრულად დაექვემდებაროს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ რესურსს და აღმოვფხვრათ ე.წ. ჯვარედინი სუბსიდირება, რომელიც არ შეესაბამება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკას. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპენსაციის სრული ოდენობით გადახდა დღესდღეობით გამოწვევას წარმოადგენს ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც.

- „საქართველოს რკინიგზასთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრა საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების ძირითადი მახასიათებლებიც როგორიცაა: მარშრუტები, რეისების სიხშირე, მგზავრობის ტარიფები, მატარებლების დასუფთავებისა და მგზავრთა მოთხოვნების მართვა - წელს რა ცვლილებებს ელოდებით ამ ვალდებულებების შესრულების კუთხით, ხომ არ არის შეთანხმება რომ გადაიხედოს მგზავრობის ტარიფები ან დაემატოს რეისები?

2024 წელს მგზავრობის მიმართულებები და ტარიფები დამტკიცდა იმ ფორმით, როგორითაც ეს იყო წარმოდგენილი წლის პირველი ნახევრისთვის. ვინაიდან ხელშეკრულება ამოქმედდა ივლისის თვიდან, სააგენტოს არსებითი ცვლილებები არ განუხორციელებია და ხელშეკრულება ამოქმედდა იმ მიმართულებებზე და იმ ტარიფებით, როგორც ეს ხორციელდებოდა პრაქტიკაში. თუმცა სამომავლოდ სამგზავრო გადაყვანების მომსახურების ანალიზის, სტატისტიკის, შეგროვებულ მონაცემთა დამუშავების საფუძველზე არ არის გამორიცხული განხორციელდეს ცვლილებები. ასევე მომავალ წლებში სათანადო რესურსის არსებობის შემთხვევაში, ჩნდება შესაძლებლობა, დავამატოთ ახალი მიმართულებები, მათ შორის ახალი მატარებლებით, რაც თავის მხრივ, შექმნის დამატებით სიკეთეებს.

მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების ხარისხის შეფასების მიზნით, ხელშეკრულებით განსაზღვრულია მომსახურების შესრულების ინდიკატორები. შეფასება ეფუძნება როგორც ობიექტურ ინდიკატორებს, როგორიცაა პუნქტუალობის, სანდოობის, უსაფრთხოების, დასუფთავების და საჩივრების მართვის მაჩვენებლები, ასევე მგზავრთა გამოკითხვით შეფასებულ სუბიექტურ ინდიკატორებს, სადაც მომსახურებით მგზავრთა კმაყოფილება დადგინდება სპეციალური კითხვარების გამოყენებით.

პროექტის თანახმად, რკინიგზა მიიღებს საბიუჯეტო დახმარებას სამგზავრო გადაყვანების სერვისის მიწოდებისთვის, რაც წლების განმავლობაში კომპანიისთვის ზარალიან სეგმენტს წარმოადგენს.

სს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავალი 2022 წელს 388.4 მლნ ლარს შეადგენს, სწორედ ტვირთბრუნვიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე სს საქართველოს რკინიგზა ასუბსიდირებს მგზავრების გადაყვანას. ამ მიმართულებით ნულოვანი მოგების მისაღწევად კომპანიამ 2022 წელს დაახლოებით 7.5 მილიონი ლარით იზარალა. ამის გარდა, გამოწვევას წარმოადგენს მგზავრთა გადაყვანის ტარიფში ინფრასტრუქტურის ცვეთის კომპონენტის ასახვა ან აღნიშნულის დაფარვა კომპანიისთვის ხელმისაწვდომი სხვა სახსრებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები