მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიუჯეტიდან ₾4.1 მილიონის მითვისების საქმეზე საზედამხედველო კომპანია EGIS-ის თანამშრომლებიც დააკავეს

ბიჭიკო პაიკიძე

კომპანია "ბ.პ. ტრანსის" მიერ 4.1 მილიონი ლარის მითვისების საქმეზე დაკავებულთა შორის ფრანგული საზედამხედველო კომპანია Egis International-ის თანამშრომლებიც არიან. საქმეზე სულ 5 პირი დააკავეს, მათ შორის "ბიპი ტრანსის" დირექტორი ვალერიანე კვარაცხელია და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი.

საქმე ეხება ალპანა-მამისონის გზის რეაბილიტაციის 22.5-მილიონიან შესყიდვას, რომელსაც ზედამხედველობას, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის თანახმად, კომპანია EGIS International-ი უწევდა, შესაბამისად, სწორედ ამ კომპანიის მიერ გაცემული დასკვნებით მოხდა ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა. ცნობისთვის, აღნიშნული კომპანია ამ პროექტის გარდა, სხვა მრავალი ინფრასტრუქტურულ პროექტსაც უწევს ზედამხედველობას.

Egis International-ი საქართველოში ფრანგული საზედამხედველო კომპანია Egis-ის შვილობილია. 2023 წელს მისი შემოსავალი 17 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება თავად სახელმწიფო თანხების მითვისების საქმეს, სუს-ის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორ ვალერიანე კვარაცხელიას, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

"აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,"- ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

ცნობისთვის, ბიჭიკო პაიკიძე ვანის საკრებულოს წევრია 2017 წლიდან. ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია.

თავად პაიკიძე შემდეგი კომპანიების მეწილეა: შპს B.P. TRANS; შპს ბაი ენდ ბ. პ; შპს ჯორჯიან ქონსტრაქშენ; შპს ბ.პ. ბეტონი. პაიკიძემ 2016 წლის აპრილში ქართულ ოცნებას 12,000 ლარი შესწირა.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანია B.P. TRANS-ი პირდაპირი სახელმწიფო კონტრაქტების შესრულების გარდა, სხვა პროექტებში ქვეკონტრაქტორიც იყო. 2022 წელს მისმა შემოსავალმა 46.7 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 6 მილიონი ლარი შეადგინა. 2023 წელს კი კომპანიის შემოსავალი 53.8 მილიონი ლარამდე გაიზარდა, წმინდა მოგება კი 12.9 მილიონი ლარი იყო. კომპანიას 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნებული არ აქვს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები