რუსეთის ფედერაციის სამთავრობო ბიუჯეტის დეფიციტის რეკორდული ზრდის ფონზე, ქვეყნის მთავრობა ბიზნესისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილების მიღებას და დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) 22%-მდე გაზრდას გეგმავს, ნაცვლად ამჟამად არსებული 20%-იანი განაკვეთისა.
ცენტრალური ბანკის შეფასებით, დღგ-ის გაზრდა სამთავრობო ბიუჯეტს გაზრდის და დეფიციტის შეამცირებს, თუმცა ის დამატებითი წნეხი იქნება ბიზნესისთვის, რომელსაც ისედაც რთულ პირობებში უწევს ოპერირება.
თუკი საკანონმდებლო ორგანო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და 2026 წლის ბიუჯეტი 22%-იან დღგ-ზე დაანგარიშდება, მაშინ მთავრობა გადასახადების სახით დამატებით 1 ტრილიონი რუბლის მოზიდვას შეძლებს, რაც $12 მილიარდის ეკვივალენტია და მშპ-ის 0.5%-ს შეადგენს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი სამთავრობო ხარჯების ზრდა და შემოსავლების შემცირებაა, რაც უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომით არის განპირობებული. ოფიციალური პროგნოზით, 2025-27 წლებში სამთავრობო დეფიციტის საერთო მოცულობა 133 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რაც თანამედროვე რუსეთის არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ანტირეკორდი იქნება.
ვალის საკითხს რაც შეეხება, რუსეთის მთავრობა კერძო ინვესტორების, ბანკების და ეროვნული სიმდიდრის ფონდის წინაშე $60 მილიარდის შიდა ვალის აღებას აპირებს, რაც ასევე მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელი იქნება.




























