მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტის შემოსავალი დღგ-დან წლიურად 275 მილიონით არის შემცირებული

5f6895f8ee208
შოთა ტყეშელაშვილი
21.09.20 16:55
1045
2020 წლის ბიუჯეტის 8 თვის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ კერძო სექტორის მიერ გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის მოცულობა წლიურად 275 მილიონი ლარით არის შემცირებული და 2.44 მილიარდ ლარს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, ეს თანხა 2020 წლის განახლებული ბიუჯეტის 9 თვის დღგ-ის გეგმის 92.7%-ია. ჯამურად, სამი კვარტლის განმავლობაში მთავრობა დამატებული ღირებულების გადასახადიდან 2.65 მილიარდი ლარის მობილიზებას გეგმავს. სულ 2020 წლის 12 თვეში დღგ-ის გეგმა 3.74 მილიარდ ლარს შეადგენს. შედარებისთვის, ეს თანხა 2019 წელს მობილიზებულ 4.04 მილიარდ ლართან მიმართებით 300 მილიონი ლარით ნაკლებია.

დღგ-ის მსგავსად შემცირებულია ბიუჯეტში მობილიზებული თანხა საშემოსავლო გადასახადიდან, რაც მოსახლეობის მიერ აღებული ხელფასების კლებაზე მეტყველებს. ჯამურად, 2020 წლის რვა თვეში კი, საშემოსავლო გადასახადის მოცულობამ 1.99 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96 მილიონი ლარით ნაკლებია.

საქართველოში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 20%-ია და მას კონტრაქტით დასაქმებული ადამიანები იხდიან. საშემოსავლო გადასახადის მოცულობის შემცირებაზე კიდევ ერთი ფაქტორი მოქმედებს, რაც კერძო სექტორისთვის 750 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება და 1500 ლარამდე ხელფასების საშემოსავლო გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებას გულისხმობს.

COVID-19-ის ეკონომიკური კრიზისის გამო, 200-ლარიანი კომპენსაციას ყოველთვიურად საშუალოდ 100,000-ზე მეტი ადამიანი იღებს შესაბამისად, ამ ადამიანებმა ხელფასის სახით არსებული შემოსავალი დაკარგეს.

მოგებისა და აქციზის გადასახადის მოცულობა კი გაზრდილია.

მოგების გადასახადის რვა თვის შესრულება კი, წინა წელთან შედარებით 82 მილიონით არის გაზრდილი და 683 მილიონ ლარს შეადგენს. ეს ამ გადასახადის შესრულების 9 თვის გეგმის 98%-ია. მთავრობა წლის ბოლომდე მოგების გადასახადიდან 840 მილიონი ლარის მობილიზებას გეგმავს. თუკი, შემოსავლები არსებული ტემპით გაგრძელდა, მაშინ სავარაუდოდ, მოგების გადასასახდის გეგმა COVID-19-ის კრიზისის მიუხედავად, გადაჭარბებით შესრულდება.

აქციზიდან შემოსავალი კი 916 მილიონია, რაც წლიურად 17 მილიონითაა გაზრდილი. 2020 წლისთვის აქციზის გადასახადის გეგმა 1.32 მილიარდი ლარია, რაც 2019 წელთან შედარებით 140 მილიონი ლარით ნაკლებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები