მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი ცვლილება დეფიციტის შემცირება იქნება - კაკაურიძე

631eff11b99e3
შოთა ტყეშელაშვილი
12.09.22 13:46
852
საქართველოს მთავრობა დღეს 2022 წლის ბიუჯეტის ცვლილებების პროექტს დაამტკიცებს. წინასწარ ცნობილია, რომ ხარჯების მოცულობა დაახლოებით ერთი მილიარდი ლარით გაიზრდება და ის 20 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. BMG-ის კითხვაზე თუ რა პარამეტრები ექნება განახლებულ ბიუჯეტს, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე კონკრეტულ პასუხს არ სცემს, თუმცა ამბობს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის დონე, რაც წლევანდელი წლისთვის 4.4%-ზე იყო დაგეგმილი, კიდევ უფრო მეტად შემცირდება და ამის თაობაზე მთავრობას IMF-თან აქვს მოლაპარაკებები.

“მნიშვნელოვან თემებს ვიხილავთ სავალუტო ფონდთან, მათ შორისაა ფისკალური კუთხით დეფიციტის შემცირება, რაც უკვე ასახული იქნება საბიუჯეტო ცვლილებებით, რასაც წარმოადგენს მთავრობა. ხვალ უკვე გაეგზავნება პარლამენტს. აქ იქნება დეფიციტის შემცირება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, როგორც ვალის შემცირება. კონკრეტულ რიცხვებზე უკვე ბიუჯეტის წარმოდგენის შემდეგ ვისაუბრებთ. ასევე მიდის IMF-თან მოლაპარაკებები სახელმწიფო საწარმოების მმართველობის მოდელზე, ამასთანავე არის მოლაპარაკებები კონკრეტული მოდელების განხილვა ენერგო-სექტორის მხარდამჭერ სქემებზე, თუმცა წინასწარ ამ მიმართულებით საუბარი რთულია, რადგანაც უნდა შევთანხმდეთ ფონდთან, რომელი მოდელი უფრო სწორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და იმ მოდელის მიხედვით უკვე კონკრეტული ნაბიჯები იქნას გადადგმული,”- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ბიუჯეტის დეფიციტი ანუ სხვაობა სახელმწიფოს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის ერთ-ერთი უმთავრესი ფინანსური პარამეტრია, რომლითაც ქვეყნების ფინანსური პოლიტიკის სიმყარე ფასდება. რაც უფრო მაღალია დეფიციტი, მით უფრო დიდი წილი უჭირავს სახელმწიფოს მიერ ნასესხებ თანხებს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებაში, შესაბამისად მით უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება საშინაო თუ საგარეო ვალებზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების რეკომენდაციით, ფისკალური მდგრადობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნების ბიუჯეტის დეფიციტის დონემ 3%-ს არ გადააჭარბოს. 

პანდემიამდელ პერიოდში საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი სწორედ 3%-იან ნიშნულს ქვემოთ იყო და 2019 წელს 2.1%-ს შეადგენდა. 2020-ში კი სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტიც გაიზარდა. პანდემიის პირველი ტალღის დროს მთავრობამ $2 მილიარდამდე საგარეო ვალი აიღო, რის შედეგადაც ბიუჯეტის დეფიციტმა 9.3%-ს მიაღწია. სწორედ ამ სესხების შედეგად, მთავრობამ პანდემიის დროს მილიარდობით ლარის სოციალური დახმარება და სუბსიდია გასცა. თუმცა, დეფიციტის რეკორდული ზრდის გამო, სახელმწიფომ დადო პირობა, რომ მომდევნო 3 წლის ვადაში მის დონეს 3%-მდე შეამცირებდა. 2021 წელს ბიუჯეტის დეფიციტი 6.7%-მდე შემცირდა, 2022 წლის ბიუჯეტი კი 4.4%-ის დეფიციტზე დაიგეგმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები