მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიუროკრატიული ბარიერებიდან ენერგეტიკულ ჰაბამდე: "ერთი ფანჯრის პრინციპის" როლი საქართველოში

ლევან კოკაია
11.09.25 11:48
154

ავტორი: ლევან კოკაია - საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) იურისტი

პრობლემის არსი

ბიუროკრატიული ბარიერები განახლებადი ენერგიების განვითარებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დაბრკოლებად რჩება. ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ პროექტის განხორციელების თითოეული ეტაპი დაკავშირებულია სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან, სადაც ავტონომიურად უნდა მოწესრიგდეს ესა-თუ ის ადმინისტრაციული პროცედურა. შედეგად, პროცესები ხშირად ჭიანურდება, იზრდება ხარჯები და მცირდება ინვესტორთა მოტივაცია.

ეს გამოწვევა განსაკუთრებით მწვავედ დგას ისეთ ქვეყნებში, სადაც ერთის მხრივ, განახლებადი ენერგიების პოტენციალი დიდია, მაგრამ მეორეს მხრივ - ბიუროკრატიული პროცედურები კომპლექსური და დროში გაწელილია. მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა მოითხოვს მიწის ნაკვეთის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრას, გარკვეულ სიმძლავრეზე - გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, სამშენებლო ნებართვის მოპოვებას, ქსელთან დაერთებას და სხვა არაერთი ნაბიჯის გადადგმას, რომელთა გადაწყვეტაც ცალკეული უწყების თუ სახელმწიფო კომპანიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე არის დამოკიდებული.

სწორედ ამ პრობლემების გადასაჭრელად ევროკავშირის არაერთმა ქვეყანამ დანერგა ე.წ. „ერთი ფანჯრის პრინციპი“ (One Stop Shop). მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ინვესტორს ან დეველოპერს არ უწევს სხვადასხვა უწყებაში განსხვავებული ადმინისტრაციული წარმოების დაწყება და სხვადასხვა პროცედურის დამოუკიდებლად გავლა. ყველა საჭირო ნებართვა, ლიცენზია და თანხმობა ერთიანდება ერთ სივრცეში - იქნება ეს სპეციალური სააგენტო, ონლაინ პორტალი თუ შესაბამის სამინისტროში შექმნილი დეპარტამენტი.

„ერთი ფანჯრის პრინციპი“ არ გულისხმობს პროცედურათა მხოლოდ ტექნიკურ გამარტივებას. ეს არის ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც აჩქარებს ინვესტიციების განხორციელებას და ზრდის სექტორის გამჭვირვალობას. ევროკავშირის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ეს მოდელი განსაკუთრებით მოქნილია განახლებადი ენერგიების სექტორში, სადაც დროის დაზოგვა და პროცედურების პროგნოზირებადობა პირდაპირ კავშირშია ინვესტიციების მოცულობასთან და შესაბამისად, განახლებადი წყაროების მწვანე ელექტროენერგიად გარდაქმნასთან.

1. ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება

„ერთი ფანჯრის პრინციპის“ მთავარი მიზანია ინვესტორისთვის მაქსიმალურად გამარტივდეს გზა პროექტის დაწყებიდან ელექტროსადგურის საბოლოო ექსპლუატაციის ჩათვლით. განახლებადი ენერგიის პროექტების განვითარება მრავალსაფეხურიან და რთულ პროცედურებს მოიცავს, სადაც ინვესტორს ურთიერთობა აქვს სხვადასხვა უწყებასთან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მარეგულირებელი კომისია, ადგილობრივი თვითმმართველობები და სხვა. პროცედურების არათანაბარი კოორდინაცია ხშირად იწვევს დაგვიანებებს, ხარჯების ზრდას და პროექტების დროებით შეჩერებას ან ყველაზე რთულ შემთხვევაში - მათ საბოლოო გაჩერებას.

„ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვის შემთხვევაში ინვესტორი აღარ არის დამოკიდებული რამდენიმე უწყებაზე, არამედ ერთ კონკრეტულ სახელმწიფო სტრუქტურასთან ამუშავებს ყველა საჭირო დოკუმენტაციას. ასეთი მიდგომა ამცირებს ბიუროკრატიულ ბარიერებს და უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას.

ბარიერების შემცირება ძირითადად მოიცავს:

  • ნებართვების გაცემას – ყველა აუცილებელი ნებართვის ან/და სხვა ადმინისტრაციული პროცედურის ერთიანად მიღება ინვესტორს უზოგავს დროს და ფინანსებს;
  • მიწის საკითხების მოწესრიგებას – მიწის სტატუსის დადგენა, სტატუსის შეცვლა, საკუთრების უფლების გადამოწმება და მისი ცვლილება ერთიანად, „ერთი ფანჯრის“ საშუალებით;
  • გარემოზე ზემოქმედების შეფასება – ეკოლოგიური კვლევების და შესაბამისი ნებართვების ერთიანი კოორდინაცია;
  • სამშენებლო ნებართვები – დეველოპერს აღარ უწევს დამოუკიდებლად ჩართვა სხვადასხვა ადგილობრივ ორგანოსთან;
  • მარეგულირებელთან კომუნიკაცია – ენერგოსექტორის ლიცენზირების გამარტივებული პროცედურები;
  • ქსელთან დაერთება – ქსელის მფლობელ კომპანიასთან კოორდინაცია ხდება სწორედ „ერთი ფანჯრის“ მეშვეობით.

ეს პრინციპი ინვესტორებისთვის მნიშვნელოვნად ზრდის პროგნოზირებადობას და ამცირებს პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე გასატარებელ დროში გაუთვალისწინებელ შეფერხებებს.

2. უფლების მოპოვების ძირითადი ასპექტები

განახლებადი ენერგიის პროექტის დასაწყებად მხოლოდ ინვესტიციის სურვილი საკმარისი არ არის. საჭიროა უფლების მოპოვება და ყველა შესაბამისი პროცედურის გავლა, რაც მოიცავს როგორც ფინანსურ-ეკონომიკურ ასპექტებს, ისე გარემოსა და სამართლებრივ საკითხებს. „ერთი ფანჯრის პრინციპი“ ამ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს, რადგან ყველა ეტაპი ერთიანად და კოორდინირებულად ხორციელდება.

2.1. ფინანსური სტიმულები და მხარდაჭერა – ევროპაში განახლებადი ენერგიის სექტორის წახალისება არაერთი ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებით ხორციელდება. ყველაზე გავრცელებულია Contracts for Difference (CfD) და სუბსიდირების სხვა მოდელები. მათი მიზანია ინვესტორისთვის ელექტროენერგიის ბაზარზე ფასთა მერყეობასთან დაკავშირებული რისკების შემცირება.

2.2. კვლევების მომზადება – Pre-feasibility Study აუცილებელია პროექტის შესაძლებლობების რეალისტურად შესაფასებლად. ეს კვლევა მოიცავს როგორც ტექნიკურ (ქარის სიჩქარის გაზომვა, მზის გამოსხივების დონე, მდინარის ხარჯის დინამიკა და სხვა), ისე ეკონომიკურ ანალიზს. მის გარეშე სახელმწიფოსაც და ინვესტორსაც უჭირს ობიექტური გადაწყვეტილების მიღება.

2.3. მიწასთან დაკავშირებული საკითხები – ერთ-ერთი ყველაზე რთული ასპექტია მიწის სტატუსის განსაზღვრა. ხშირია შემთხვევები, როცა მიწის ნაწილი კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის, ნაწილი – სახელმწიფოს, ხოლო ნაწილი ეროვნული ტყის ფონდშია. გარდა ამისა, შესაძლოა ნაკვეთი ემიჯნებოდეს დაცულ ტერიტორიას ან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. ასეთ დროს პროცესი იწელება და ინვესტორი ხშირად წლების განმავლობაში ელოდება პრობლემის გადაჭრას. „ერთი ფანჯრის პრინციპი“ საშუალებას იძლევა, ყველა საჭირო უწყება ერთ სივრცეში კოორდინირდეს.

2.4. გარემოზე ზემოქმედების შეფასება – ევროკავშირში მკაცრად რეგულირდება გარემოსდაცვითი პროცედურები. პროექტი ვერ ხორციელდება, თუ მას არ აქვს გარემოსდაცვითი დადებითი დასკვნა. საქართველოსთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცედურა „ერთ ფანჯარაში“ გაერთიანდეს.

2.5. სამშენებლო ნებართვები – სადგურის მშენებლობისთვის საჭიროა შესაბამისი ნებართვა. „ერთი ფანჯრის პრინციპში“ სწორედ ეს პროცესი ერთიანდება, რაც დეველოპერს თავიდან აცილებს ადგილობრივი ბიუროკრატიის სირთულეებს.

2.6. ლიცენზირების საკითხები – სადგურის ოპერირების ლიცენზია გადამწყვეტი ეტაპია. თუ ეს პროცესი ცენტრალიზებულად იმართება, ინვესტორს აღარ სჭირდება დამატებითი დროისა და ფინანსური რესურსების დახარჯვა.

3. ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება

ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებში „ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვამ ენერგეტიკის სექტორისთვის მნიშვნელოვანი წინსვლა განაპირობა. ამა-თუ იმ ქვეყანამ შექმნა ინდივიდუალური მოდელი, თუმცა საერთო მიზანი ყველგან ერთია - ინვესტორებისთვის მაქსიმალურად გამარტივებული და პროგნოზირებადი ატმოსფეროს შექმნა.

  • გერმანიაში Renewable Energy Sources Act (EEG) დაარსდა იმისთვის, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები პრიორიტეტული ყოფილიყო. ქვეყანაში ფუნქციონირებს სპეციალური სააგენტო, რომელიც ინვესტორებს უწევს კონსულტაციას, გასცემს შესაბამის ნებართვებს და უზრუნველყოფს სწრაფ ადმინისტრაციულ პროცედურებს. აღნიშნული გახდა გერმანიაში ქარის და მზის ენერგიების მასშტაბური ზრდის ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორი.
  • საფრანგეთმა დანერგა ერთიანი ადმინისტრაციული პლატფორმა, სადაც ინვესტორი ყველა საჭირო დოკუმენტს ელექტრონულად წარადგენს. სისტემა აერთიანებს როგორც ცენტრალურ, ისე ადგილობრივ ხელისუფლებას. შედეგად, პროექტის განხორციელების პროცესი მნიშვნელოვნად დაჩქარდა.
  • დანია ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ქვეყნის ენერგეტიკის სააგენტო არა მხოლოდ ნებართვების გაცემას კოორდინირებს, არამედ აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკის დაგეგმვაში, ტექნიკურ კვლევებში და ინვესტორებთან კონსულტაციებში. ეს მოდელი ინვესტორებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გარანტიას იძლევა.
  • პორტუგალია განახლებადი ენერგიის სწრაფი განვითარების ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი გახდა ელექტრონული One Stop Shop-ის დანერგვით. განსაკუთრებით მზის პროექტებში ინვესტორებს საშუალება აქვთ, ონლაინ რეჟიმში მოაგვარონ ნებართვების პროცედურები, რაც დროის დანახარჯს მინიმუმამდე ამცირებს.
  • ნიდერლანდებში შექმნილია ერთიანი ონლაინ პორტალი, სადაც ინვესტორი თავიდან ბოლომდე მართავს ყველა პროცედურას. სისტემა გამჭვირვალეა და ინვესტორი ნებისმიერ დროს ხედავს თავისი განაცხადის სტატუსს. ეს პრაქტიკა ამცირებს სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების რისკს და ზრდის პროცესის სამართლიანობას.

აღნიშნული მაგალითები ნათლად აჩვენებენ, რომ „ერთი ფანჯრის პრინციპი“ არა მხოლოდ ტექნიკური პროცედურების გამარტივებაა, არამედ სტრატეგიული ინსტრუმენტია, რომელიც ქმნის მიმზიდველ საინვესტიციო გარემოს და აჩქარებს მწვანე ტრანზიციას.

4. სარგებელი და უპირატესობები

„ერთი ფანჯრის პრინციპის“ საქართველოში დანერგვა მრავალმხრივ სარგებლიანი იქნება, რომელიც ადმინისტრაციულ პროცედურათა გამარტივებას გასცდება. კერძოდ: ბიუროკრატიული ბარიერების შემცირებით ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება; დროისა და ფინანსური დანახარჯების შემცირებით ინვესტორს აღარ მოუწევს ერთდროულად რამდენიმე უწყებასთან ურთიერთობის დამყარება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს; სექტორის დივერსიფიკაციით სხვადასხვა ტიპის სადგურის (ჰიდრო, ქარი, მზე) ერთდროული განვითარება ხელს შეუწყობს ენერგეტიკული პორტფელის დაბალანსებას; მწვანე ტრანზიციის ჩამოყალიბებით, ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში, საქართველოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ მწვანე ტრანზიციის დაჩქარებაა, სადაც One Stop Shop მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. ყოველივე აღნიშნული ხელს შეუწყობს ენერგეტიკული მედეგობის ზრდას და ელექტროენერგიის იმპორტდამოკიდებულების რაოდენობრივ შემცირებას.

დასკვნა

„ერთი ფანჯრის პრინციპის“ დანერგვა საქართველოში არ უნდა განიხილებოდეს მხოლოდ როგორც ბიუროკრატიული რეფორმა. ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც აერთიანებს ეკონომიკურ, საინვესტიციო, ეკოლოგიურ და ენერგეტიკულ მიზნებს. მისი განხორციელება ნიშნავს, რომ ინვესტორები აღარ დაექვემდებარებიან მრავალსაფეხურიან და არათანმიმდევრულ პროცედურებს, რაც ზრდის დროით და ფინანსურ დანახარჯებს. ამის ნაცვლად, მათ ექნებათ ერთიანი საკონტაქტო წერტილი, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო პროცედურის ეფექტიანად და გამჭვირვალედ წარმართვას. შედეგად, ერთის მხრივ, გაიზრდება ინვესტორების ნდობა და დაინტერესება, ხოლო მეორეს მხრივ – დაჩქარდება ახალი ჰიდრო, ქარისა და მზის სადგურების მშენებლობა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

ევროკავშირის გამოცდილება ცხადყოფს, რომ One Stop Shop იქცა ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად მწვანე ტრანზიციის განხორციელებისთვის. გერმანიის, საფრანგეთის, დანიისა და სხვა ქვეყნების მაგალითები გვიჩვენებენ, რომ როდესაც სახელმწიფო ინვესტორის პარტნიორად იქცევა და არა ბიუროკრატიულ ბარიერად, შედეგი არის სწრაფი ინვესტიციები, მეტი კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის დივერსიფიკაცია.

საქართველოსთვის, რომელიც ცდილობს რეგიონში ენერგეტიკული ჰაბის სტატუსის მოპოვებას, One Stop Shop-ის დანერგვა გახდება ძლიერი სტიმული, როგორც შიდა ეკონომიკური განვითარების, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის ნდობის გასაზრდელად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები