მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესი არაა რამდენიმე მილიონერი, რომელიც ხალხის ხარჯზე მდიდრდება“ - თამაზ დაუშვილი

63f5e295bf8a3
თელარა გელანტია
23.02.23 09:01
953
„პოლიტიკოსებს ჩვევიათ ისეთ თემებზე საუბარი, რაც აღელვებს მოსახლეობას, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეული ბალანსი უნდა იქნას დაცული, რადგან ბიზნესი არაა ცალკე განყენებული რამდენიმე მილიონერი ან მილიარდერი, რომელიც ხალხის ხარჯზე მდიდრდება“, - ეს განცხადება კომპანია „დიოს“ დამფუძნებელმა ბიზნესმენმა თამაზ დაუშვილმა BMGTV-ის გადაცემა #წერტილში სტუმრობისას სურსათის ფასების შესაძლო რეგულირებასა და ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის სხვადასხვა განცხადების კომენტირებისას გააკეთა.

- როგორ აღიქვამს ბიზნესი მთავრობის მეთაურის გახშირებულ მოწოდებებს - ფასების დარეგულირებაზე, არაგონივრულ მარჟებზე თუ გაუმართლებელ მოგებებზე - რა ტონით გესაუბრებათ პრემიერი ბიზნესს?

- იცით, ბოლო წლებში არსებული მაღალი ინფლაცია ყველას გვაწუხებს. ჩვენ მხოლოდ ბიზნესს არ წარმოვადგენთ - ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ; ყველა ვგრძნობთ უჩვეულოდ გაზრდილ ფასებს, რომელიც პანდემიის პერიოდში დაიწყო და მიზეზები ყველას გვესმის... დიახ, ჩვენთან არის მაღალი ინფლაცია და ბუნებრივია, ეს ყველას აწუხებს, მათ შორის მთავრობას და არ მიკვირს, როდესაც ამაზე არის საუბარი, მაგრამ სასურველია, ეს თემა უფრო სიღრმისეულად იქნას შესწავლილი. ფასების არაგონივრულ ზრდას შეიძლება იწვევდეს შეზღუდული კონკურენცია, როცა ბაზარზე შეღწევა რთულია ან როცა ბაზრის მოთამაშეებს შორის რაღაც გარიგებებს აქვს ადგილი, არც ამის გამორიცხვა შეიძლება... ზოგადად, პოლიტიკოსებს ჩვევიათ ისეთ თემებზე საუბარი, რაც აღელვებს მოსახლეობას, მაგრამ ვფიქრობ, გარკვეული ბალანსი უნდა იქნეს დაცული, რადგან ბიზნესი არაა ცალკე განყენებული რამდენიმე მილიონერი ან მილიარდერი, რომელიც ხალხის ხარჯზე მდიდრდება. ბიზნესში უამრავი ადამიანია ჩართული, უამრავი საშუალო და მცირე ბიზნესი, რომელიც ერთი და იგივე პრინციპით საქმიანობს - ეს იქნება დალაქი თუ თარჯიმანი - ყველას მიზანია, მიიღოს რაც შეიძლება მეტი შემოსავალი, მაგრამ თუ კანონი ან კონკურენციის პრინციპები ირღვევა, ამისთვის არსებობს შესაბამისი უწყებები, მათ შორის მთავრობა, რომ რეაგირება მოახდინოს და მინდა, უფრო ამ კუთხით დავინახო პრემიერის დაინტერესება და არა, ადრე არსებული მანკიერი ფორმებით..

- ანუ პრემიერის ტონი ყურს გჭრით? - ისე, 20 თებერვლის მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ბიზნესის საქმიანობაში უხეში ჩარევა ჩვენი ხელწერა არააო...

- რა თქმა უნდა, კითხვებს აჩენს - რა იგულისხმება ამის უკან, რა ტიპის რეაგირება უნდა განახორციელოს მთავრობამ... ბიზნესი საკმაოდ რთულ სიტუაციაშია. ჩვენი ბიზნესის ძალიან დიდი ნაწილი საშუალო და მცირე ბიზნესია; მოსახლეობაში ისედაც არის ნეგატიური განწყობები ბევრი რამის მიმართ და მათ შორის იმაზე, რომ ფასები იზრდება და თუ ჩვენ აქცენტს გავაკეთებთ იმაზე, რომ ფასები იზრდება მათ შორის იმიტომ, რომ ბიზნესი მაღალ შემოსავალს იღებს, ეს კითხვებს აჩენს...

- „ბიზნესი ხარბია“-ს ხატის შექმნას ხომ არ ეწყობა ხელი მსგავსი განცხადებებით?

- ზუსტად ეს არ მომწონს, რადგან მეც ბიზნესს წარმოვადგენ და ვიცი, რა შემოსავლები აქვთ... ვიცი, როგორ მუშაობენ ჩემი კოლეგები 24 საათის განმავლობაში, რომ სერვისები განავითარონ, დოვლათი შექმნან და ამას გარკვეულწილად ჩრდილი ადგება და ეს გულდასაწყვეტია... ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ბიზნესის უდიდესი ნაწილი არის წესიერი, პატიოსანი ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თანამშრომლების კეთილდღეობაზე, დოვლათის შექმნაზე - ეს არის თანამედროვე ეკონომიკის პროინციპები, რომელზე უკეთესიც არ მოუგონიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები