მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კანონს გამჭვირვალობასთან საერთო არაფერი აქვს - თამაზ დაუშვილი

დიო

ეკონომისტი, "დიოს" მმართველი პარტნიორი, თამაზ დაუშვილი მიიჩნევს, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან. ამის შესახებ ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში დაწერა.

დამატებით, როგორც თამაზ დაუშვილმა BMG-სთან განაცხადა, კანონის მიღება შექმნის პრობლემებს და მათ შორის, ეს ბიზნესზეც აისახება.

„მიმაჩნია, რომ ეს კანონი არ სჭირდება საქართველოს არც გუშინ, არც დღეს და არც ხვალ. არაფერი საერთო აქვს ამ კანონს გამჭვირვალობასთან. თუ რამე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება სურს სახელმწიფოს არასამთავრობო სექტორიდან, უცხოეთიდან შემოსული გრანტების ხარჯვის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ეს შეიძლება მოწესრიგდეს სრულიად მარტივად, საგადასახადო კოდექსში ერთი დამატებითი დეკლარაციის შემოღებით: მაგ. "დეკლარაცია არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის შემოსავლების და ხარჯების შესახებ". თუ ვინმეს მშვიდობა, დემოკრატია, განვითარება, სტაბილურობა, დეპოლარიზაცია და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა სურს, სწორედ ასე უნდა მოიქცეს. სხვა ყველაფერს მივყავართ დაპირისპირებამდე და ესკალაციამდე, რაც არაფერ კარგს არ უქადის ჩვენს ქვეყანას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ მომავალს.

კანონი, რომელიც პრობლემას უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, არაა კარგი და ვფიქრობ, ყველა უნდა დაფიქრდეს სერიოზულად ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ ამ კანონს მიიღებენ, ბუნებრივია, შეიქმნება პრობლემები, მათ შორის ბიზნესისთვის. ქვეყანას სჭირდება დასავლური ინვესტიციები, ევროკავშირში ინტეგრაცია. ძალიან კარგად ვიცით, რომ როდესაც ქვეყნები ხდებიან ევროკავშირის წევრები, ცხოვრების დონე მნიშვნელოვნად მაღლდება. ამიტომ, ყველაფერი ის, რაც ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის ეს კანონი, არაა კარგი“,- აცხადებს თამაზ დაუშვილი.

"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.

რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.

ამის მიუხედავად, პარლამენტში კანონპროექტის განხილვა გრძელდება. 29 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა "რუსულ კანონს" მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები