ბრიტანეთის საელჩომ და პარტნიორებმა, 12 ოქტომბერს, ბრიტანულ-ქართულ ფინტეკ ფორუმს უმასპინძლეს. ფორუმმა თავი მოუყარა ფინტექ-ში მომუშავე პროფესიონალებს საქართველოდან და დიდი ბრიტანეთიდან. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაემყარებინათ ახალი საქმიანი კავშირები და გაეცვალათ გამოცდილება. ფორუმზე დასასწრებად და თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით თბილისში ჩამოვიდა გაერთიანებული სამეფოს სავაჭრო კომისარი აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, კენან პოლეო. 2021 წლის პირველი სექტემბრიდან, კენან პოლეო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის გენერალური კონსული და სავაჭრო კომისარია. სტამბოლში ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, ის მისი უდიდებულესობის სავაჭრო კომისრის მოადგილე იყო ევროპაში. სხვა მნიშვნელოვანი პოზიციებიდან, რომლებიც კენან პოლეოს თავისი კარიერის მანძილზე ეკავა – საქართველოს კონტექსტში – გამოვყოფდი ინოვეით იუქეი–ს ხელმძღვანელობას, რა დროსაც ის მხარს უჭერდა კერძო სექტორის ინოვაციებს და საერთაშორისო თანამშრომლობას. პოლეო გაერთიანებული სამეფოს სამეცნიერო და ინოვაციების ქსელის რეგიონალური დირექტორი იყო ევროპაში, რუსეთსა და თურქეთში. კიდევ უფრო მანამდე კი არაერთი მაღალი თანამდებობა ეკავა გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში – მათ შორის, დირექტორის მოადგილე იყო ევროკავშირის ენერგეტიკული და გარემოს კანონმდებლობის მართვის საკითხებში.დატვირთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, კენან პოლეო „ანალიტიკა“–საც ესტუმრა.
მოგესალმებით. მადლობა რომ პასუხობთ ჩემს კითხვებს. თქვენი ვიზიტის მიზანზე საუბრით დავიწყოთ ჩვენი ინტერვიუ. რატომ – თბილისი?
დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირველად ვარ საქართველოში და თბილისში – რეგიონალური სავაჭრო კომისრის რანგში. ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანაა, გაერთიანებული სამეფოს ბიზნესი, მათი შესაძლებლობები საქართველოსთან დავაკავშირო და ამით წავახალისო ორივე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდა. უფრო კონკრეტულად კი – ფინტექის ფორუმზე ჩამოვედი, რომელსაც უკვე მეორედ ვატარებთ. მიგვაჩნია, რომ ეს ერთი ის სფეროა, რომელიც ორივე ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანია და სადაც ორივე ქვეყნის ეკონომიკის ზრდის პოტენციალი ჩანს.
გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის დღეს არსებული სავაჭრო რიცხვებით კმაყოფილი ხართ?
მსიამოვნებს ეს რიცხვები. ჩვენს შორის ვაჭრობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაორმაგდა. ნახევარ მილიარდ ფუნტს აღწევს, თუმცა, რიცხვებიც არ არის აქ მთავარი. მთავარია მიმართულება, რომელიც გვაქვს აღებული. ეს ვიზიტი ძალიან დამეხმარა უფრო აშკარად დამენახა საქართველოს ბიზნესთან და მთავრობასთან თანამშრომლობის ის მრავალი შესაძლებლობა, რომელიც ვაჭრობის კიდევ უფრო მეტად ზრდას შეუწყობს ხელს გაერთიანებული სამეფოს ექსპორტიორებსა და საქართველოს იმპორტიორებს შორის და პირიქით – გაერთიანებული სამეფოს იმპორტიორებსა და საქართველოს ექსპორტიორებს შორის.
რომელ სექტორებში ხედავთ ამგვარ პოტენციალს? თქვენთან ინტერვიუს მზადებისას, თქვენს ბიოგრაფიას გავეცანი და აღმოჩნდა, რომ დიდი გამოცდილება გაქვთ საქართველოს ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან ორ სფეროში – ინოვაციები და ენერგეტიკა – ამ სფეროებში აქვთ საქართველოს და გაერთიანებულ სამეფოს შესაძლო გადაკვეთის წერტილები?
100%–ით. საკმაოდ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ავტომობილების ნაწილში, საკვების ნაწილში, მაგრამ ენერგეტიკის სექტორში ნამდვილად უდიდესი პოტენციალი ჩანს, რადგან ორივე ქვეყნის მიზანია მწვანე, მდგრადი ეკონომიკის განვითარება. ჩემთვისაც აღმოჩენა იყო როგორც ბიზნესის, ისე მთავრობის გეგმები, რომ მკვეთრად შეამცირონ CO-ს გამოყოფა და ისიც, თუ როგორ შეგვიძლია ჩვენ ამ მიზნის გარშემო გავერთიანდეთ, როგორც ბიზნესთან, ისე მთავრობასთან თანამშრომლობის კუთხით. იგივე შემიძლია ვთქვა ინოვაციების ნაწილზეც. ყველაზე მთავარი რასაც უნდა ვუყურებდეთ, ეს მოგების და პოტენციალის მაქსიმიზებაა ყველა იმ მიმართულებით, რაშიც უკვე გვაქვს აწყობილი თანამშრომლობა – მიმაჩნია, რომ საქართველოს დღეს აქვს შანსი ნახტომისებურად განვითარდეს ისეთ სფეროებში, როგორიცაა, მაგალითად, ფინტექი, საფინანსო სერვისები – ამ მიმართულებით შთამბეჭდავი მიღწევები გვაქვს გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ აქაური ეკოსისტემის გაცნობის შემდეგ, პოტენციალის და კრეატიული დამფუძნებლების აღმოჩენის შემდეგ, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა არა მხოლოდ რეგიონის, ევროპის მასშტაბით განვითარდნენ, არამედ – გლობალურ მასშტაბზე გავიდნენ – დავრწმუნდი, რომ ეს ნოვატორები, ეს ანტრეპრენერები, დამფუძნებლები გაერთიანებული სამეფოს შესაძლებლობებთან ერთად, რეალური გლობალურობის მიღწევის გარანტი შეიძლება გახდეს.
რამ შეიძლება დააჩქაროს ამ ურთიერთობების გაღრმავების ტემპი და რა ნაწილში ხედავთ დღეს მთავარ გამოწვევებს?
მიმაჩნია, რომ ამ პროცესის მთავარი ამჩქარებელი ადამიანების ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობაა. ფინტექ კონფერენცია ამის საუკეთესო მაგალითია. ამასთან, ღია დიალოგი, ცნობიერების ამაღლება შესაძლებლობებისა და პოტენციალის შესახებ და ამ ყველაფრის დაკავშირება იმასთან, რაც გაერთიანებულმა სამეფომ შეიძლება შესთავაზოს ბიზნესს და მთავრობას, როგორც ექსპერტიზა – წარმატების ფორმულაა. ვიცი, რომ აქ დიდი აქცენტი კეთდება რკინიგზაზე და შუა დერეფნის ქსელის აწყობაზე – ამ ნაწილში მართლაც არის შესაძლებელი გაერთიანებული სამეფოს შესაძლებლობების ათვისება – ტრანსპორტი, საქონლის მიმოსვლა – სფეროების მთელი სპექტრი, სადაც საქართველოს შეუძლია ინოვაციის შემოტანა და ამ ახალი პროდუქტებითა და სერვისებით ლიდერობა.
ანუ რას ამბობთ – რომ მთელი ეს აურზაური რაც შუა კორიდორის ირგვლივ მივიღეთ, რომ თითქოს ახლაა განვითარების სწორი მომენტუმი – რეალურია? თქვენთვის შუა კორიდორი კომერციულად მიმზიდველი ალტერნატივაა?
ვფიქრობ, შუა კორიდორი პასუხობს გამოწვევას, რომელსაც ჩვენ ყველანი შევეჩეხეთ – მიწოდების ჯაჭვების უსაფრთხოებას. ყველამ გამოვცადეთ საკუთარ თავზე ეს შოკები, რაც უკავშირდება არა მხოლოდ ომს უკრაინაში, არამედ, – უფრო ადრეც – კოვიდს. მიწოდების ჯაჭვები უცებ, მთლიანად მოირღვა. ამდენად, ვფიქრობ, ყველა ძალიან სერიოზულად დაფიქრდა, თუ რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ ნაწილში მეტი მედეგობა იყოს უზრუნველყოფილი. ამ თვალსაზრისით, შუა კორიდორი საკმაოდ შთამბეჭდავი შეთავაზებაა. ჩვენ ვართ დაინტერესებულები ვითანამშრომლოთ საქართველოსთან და სხვა ქვეყნებთან, თუ რა ფორმა შეიძლება მიიღოს საბოლოოდ ამ შეთავაზებამ და როგორ შეგვიძლია ჩვენ წარვმართოთ დიალოგი ისე, რომ მიწოდების ჯაჭვების მედეგობა რეალობად ვაქციოთ.
ხედავთ გაურკვევლობის შემცირების ტენდენციას? ბოლოს და ბოლოს გადავედით პოსტ–კოვიდურ ეტაპზე?
მგონი, ასეა. ვფიქრობ, ღირებულია გვახსოვდეს, რომ ბიზნესი და ვაჭრობა ყოველთვის პოულობს თავის გზას. როგორც სიყვარული.
როგორც წყალი.
ზუსტად. ზუსტად. რაც მეტს გავაკეთებთ, რომ მზად დავხვდეთ ნებისმიერ მოსალოდნელ შოკს – და რა თქმა უნდა, მესმის, რომ შეიძლება წარმოდგენაც არ გვქონდეს, წინ რა გველოდება – მაგრამ რაც უფრო მედეგი და რაც უფრო მომზადებულები ვიქნებით, რაც უფრო დაკავშირებულები ვიქნებით, პარტნიორები ვიქნებით – როგორც მაგალითად, საქართველოა ჩვენთვის, მათ შორის, გეოპოლიტიკურადაც – მით უფრო მეტს შევძლებთ.
ამ კავშირების დამყარება და პარტნიორობა უფრო ადვილი იყო, როცა გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის წევრი იყო?
შემიძლია გულწრფელად გითხრათ ..
რა შეიცვალა ბრექსიტის შემდეგ?
ბრექსიტის შემდეგ ის შეიცვალა, რომ ჩვენ ყველა მიმართულებას ვუსწორებთ თვალს ევროპის მიღმაც. მას შემდეგ, რაც მე ამ როლში ვარ – და მას შემდეგ, რაც ჩვენ ევროკავშირი დავტოვეთ – ჩვენ ძალიან სერიოზული და საინტერესო საუბრები გვქონდა საქართველოს მსგავს ქვეყნებთან და მათ შორის, საქართველოსთანაც. ერთი ასეთი საუბარი შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას. გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკაც გაიზარდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ევროკავშირი დავტოვეთ. საფინანსო სერვისები – რაზე სასაუბროდაც მე ჩამოვედი აქ – ამის საუკეთესო მაგალითია. ეს ის სფეროა, რაშიც ადრეც ძლიერები ვიყავით და ასეც ვაგრძელებთ იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი დავტოვეთ.
მხარს უჭერთ საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?
აუცილებლად. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ამ გზაზე. ჩვენ დავტოვეთ ევროკავშირი ..
თუმცა არ მგონია გაერთიანებული სამეფოს და საქართველოს შედარება იყოს შესაძლებელი, რადგან მსოფლიოს ამ ნაწილში გამოწვევები, რუსეთის მეზობლად, გაცილებით უფრო დიდია ..
ამ მსჯელობაში ვერ წამოგყვებით, მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რადგან ევროკავშირი ჩვენს მოკავშირედ რჩება – ის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ დავტოვეთ ევროკავშირი, მაგრამ არ დაგვიტოვებია ევროპა. არ დაგვიტოვებია საქართველოც, რომელთანაც ბევრი საერთო ღირებულება და მისწრაფება გვაქვს.
დღეს რას ნიშნავს რუსეთის ფაქტორი გლობალური ეკონომიკისთვის – თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო სანქციებს და როგორ აფასებთ მუშაობს ეს საერთაშორისო – მათ შორის, დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები?
სანქციები, რომლებიც ჩვენ დავაწესეთ რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთის ომის მანქანის წინააღმდეგ, ძირითადად გამოწვეული იყო იმ შემზარავი ომით, რომელიც რუსეთმა უკრაინაში დაიწყო. დიახ. მგონია, რომ ამ სანქციებს აქვთ გავლენა და მთავრობაც ამბობს ხოლმე პერიოდულად, რომ მათთვის ბევრი რამ არის გართულებული. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების რეჟიმის მხარდაჭერას ჩვენს პარტნიორებთან ერთად. ამასთან, გაერთიანებული სამეფო მუშაობს საქართველოს მსგავს პარტნიორებთან, სხვა ქვეყნებთანაც იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მედეგობა, მიწოდების ჯაჭვების უწყვეტობა და მხარი დავუჭიროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ღია, სამართლიანი და დემოკრატიულია.
როგორ აფასებთ საქართველოს მოქმედებებს საერთაშორისო სანქციების კონტექსტში? ალბათ ადევნებდით თვალს საქართველოს ეროვნული ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს – ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ისეთმა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი პირდაპირ თქვა – ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაში სანქციების მიმართ შეცვლილი დამოკიდებულება დავინახეთო ..
ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით საერთაშორისო სანქციების დაცვის საკითხს. ჩვენ ასევე სერიოზულად ვეკიდებით ჩვენს ურთიერთობებს საქართველოსთან. თუ რაიმე ტიპის გაუგებრობაა ან შეუთანხმებლობა ან მიდგომების შეუთავსებლობა– ჩვენ ვაგრძელებთ კომუნიკაციას საქართველოსთან ამ თემებზე. ჩვენი ამბიცია სანქციების ნაწილში რუსეთის ომის მანქანის დამარცხებაა და ეს არანაირად არ უკავშირდება, საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივის დაზიანებას.
ჩვენ უკვე აღვნიშნეთ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი შუა კორიდორის კონტექსტში და რეგიონში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით – უკრაინა, მთიანი ყარაბახი, უფრო ფართოდ – ახლა უკვე ისრაელიც – როგორ მუშაობს საქართველოს საინვესტიციო გარემოზე მისი გეოპოლიტიკური მდებარეობა – რას უფრო მეტად ხედავენ დღეს ინვესტორები აქ – გამოწვევებს თუ შესაძლებლობებს?
ყველაფერი, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, აბსოლუტური ტრაგედიაა. საშინელი შემთხვევები, რასაც ისრაელში ვაკვირდებით – ასევე შოკები, რაც ყარაბახს მოჰყვა – ეს ყველაფერი ემატება იმ ტვირთს, რაც ჩვენს პასუხისმგებლობას აწვება – მხარი დავუჭიროთ ადამიანებს ამ ქვეყნებში და ეს ყველაფერი იმ კატასტროფასთან ერთად, რასაც ჰქვია ომი უკრაინაში. ერთი გზა, რითაც ამას ვახერხებთ სწორედ დიალოგია ისეთ ქვეყნებთან, როგორიც საქართველოა, რომ ვაჩვენოთ ყველას, რამხელა მნიშვნელობა აქვს ნდობით აღჭურვილ პარტნიორობას – ეს ნიშნავს ბიზნესებს შორის ნდობის შენებას, საერთო კომპანიების შენებას. ვფიქრობ, ყველა ის საშინელება, რასაც თქვენ ხაზი გაუსვით, რეალურია მაგრამ ამ ყველაფერმა ხელი არ უნდა შეგვიშალოს ვითანამშრომლოთ და ვიმეგობროთ საერთო კეთილდღეობისთვის.
კიდევ რამდენ ხანს რჩებით საქართველოში და როგორია თქვენი პირველი შთაბეჭდილებები?
სამწუხაროდ, მოკლე ვიზიტით ვარ. აბსოლუტურად მოხიბლული ვარ ბიზნესით, ადამიანებით, ამ ქალაქის სილამაზით .. კიდევ ერთი დღის განმავლობაში, რაც წინ მაქვს, მაქსიმალურად შევეცდები აღმოვაჩინო ეს ქალაქი. უკვე ძალიან შემიყვარდა ხაჭაპური. უკვე მაქვს მოლოდინი, რომ დავბრუნდები იმისთვის, რომ ვნახო, როგორ ამუშავდება ის ყველაფერი, რაზეც მეც და საელჩოს აქაურ გუნდსაც გვქონდა საუბრები.
იქნებ უკვე მეორე ვიზიტის დროსაც შევხვდეთ აქ, ამ სტუდიაში და ერთად შევაჯამოთ შედეგები. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის.
ძალიან დიდი მადლობა.