მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესი DCFTA-ით გათვალისწინებული რეგულაციების გადავადებას ითხოვს

6022a2fc9dff5
ელენე გოგბერაშვილი
09.02.21 20:50
923
ბიზნესი DCFTA-ით გათვალისწინებული რეგულაციების ამოქმედების დროში გადავადებას ითხოვს. ეს საკითხი დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტშიც დაისვა. იყო კითხვა, თუ რამდენად შეუძლია მთავრობას პანდემიის გათვალისწინებით ყველა ის რეგულაცია, რომელიც მიმდინარე წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში უნდა მიიღოს, ბიზნესზე მოსალოდნელი წნეხის გათვალისწინებით, დროში გადავადდეს.

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი, რომელიც "ნატახტარის" კორპორატიული დირექტორია, ამბობს, რომ გასულ წელს ქვეყანამ DCFTA-ს ფარგლებში ნაკისრი ყველა ვალდებულება გეგმის მიხედვით შეასრულა, თუმცა დარჩენილია სასმელების მწარმოებლებისთვის შესაფუთი მასალების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული რეგულაციის მიღება, რაც მისი თქმით, კარგი იქნება მინიმუმ ერთი წლით გადავადდეს.

„ყველა ის რეგულაცია, რაც იყო დაგეგმილი, პრაქტიკულად მიღებულია, მცირე გამონაკლისების გარდა, ეს მცირე გამონაკლისია, რასაც დღესაც ვითხოვთ ბიზნესი, რომ გადავადდეს კიდევ გარკვეული ხნით. შეიძლება ეს იყოს ერთი წელი ან მეტი, კონკრეტულად საკითხი ეხება, მწარმოებლის გაფართოვებული ვალდებულების იმ ნაწილს, სადაც ჩვენ სასმელების მწარმოებლებს გვეხება შესაფუთი მასალების მართვაზე. ამ საკითხებზე მთავრობასთან შეხვედრების პრობლემა არ გვაქვს, თუმცა, ჩვენ კერძო და საჯარო დიალოგის ხარისხს უფრო ვითხოვთ, ვიდრე რაოდენობას, რომელიც ძალიან ბევრია“, - აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა კი ამბობს, რომ ახალი კანონი, რომელიც დამატებით წნეხს განახორციელებს ბიზნესზე, დეტალურად ბიზნესთან უნდა იქნეს განხილული. "თუმცა არის ვალდებულებები, რისი გადაწევაც არ შეიძლება და ზოგიერთ შემთხვევაში ორივე მომგებიან პოზიციაში შეიძლება იყოს, როგორც მთავრობა, ისე ბიზნესი“, - დასძინა მან.

ამ საკითხზე ფთხილილი გადაწყვეტილებების მიღებას ურჩევენ მთავრობას დეპუტატები, თუმცა როგორც მარიამ ქვრივიშვილი, ისე ბექა ლილუაშვილი ბალანსის მომხრეები არიან, რომ ერთის მხრივ ბიზნესს რეფორმები მტკივნეულად არ შეეხოს და მეორეს მხრივ ამ პროცესმა ხელი არ შეუშალოს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას.

„მთავარ გამოწვევას, რასაც ვუყურებ არის ის, რომ ნებისმიერი რეგულაციის შემოღება ბიზნესისთვის იქნება საკმაოდ რთული გამომდინარე იმ ეკონომიკური კრიზისიდან, რაც გლობალურად არსებობს. შესაბამისად ჩვენ ფრთხილად, ისე რომ მაქსიმალურად დავუახლოვოთ ჩვენს რეალურ საბაზრო პირობებს ეს რეგულაციები, უნდა მივუდგეთ ამ რეგულაციების განხორციელებას, რომ არ დავაზიანოთ ბიზნესი, რომელიც არის სამუშაო ადგილების მთავარი წყარო და იქნება სამუშაო ადგილების მთავარი წყარო მომდევნო წლების განმავლობაში“, - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

„ჩემი კითხვა ეხებოდა იმას, თუ რამდენად შესაძლებელია, რომ ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე რეალურად გავითვალისწინოთ ის უკუკავშირი, რომელიც გვაქვს ბიზნესისგან. ეს ეხება მათ პოზიციას, რამდენად შეგვიძლია ვადებში ადაპტირება, იმ არსებული ვალდებულებების განხორციელების, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, აქ ორივე მხარეა გასათვალისწინებელი. ერთი მხრივ, რომ ჩვენ არ მოგვიწიოს ბიზნესის კუთხით განსაკუთრებული სიმკაცრით ან ახალი ისეთი მტკივნეული რეფორმების გატარება და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, იყოს ბალანსი დაცული იმისთვის, რომ არ შეფერხდეს საქართველოსა და ევროკავშირის შორის დაახლოება“,-ამის შესახებ კი მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.

როგორც ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ განმარტა, 2021 წელს სამოქმედო გეგმა 26 საკანონმდებლო აქტთან დაახლოებას გულისხმობს, მათ შორის არის სანიტარული და ფიტოსანიტარული კანონმდებლობიის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, მათ შორის ცხოველური წარმოშობის პროდუქტების, თაფლისა და აკვაკულტურის მიმართულებით. ასევე წელსვე საქართველოს მისაღები აქვს ფოსტის შესახებ კანონი და ასევე ელექტრონული კომერციის შესახებ კანონი. გენადი არველაძე ამბობს, რომ ყველა საკითხზე მთავრობა გადაწყვეტილებას ბიზნესთან კონსულტაციების გზით მიიღებს, თუმცა ვალდებულების შესასრულებლად გაწერილ ვადებში.

„ჩვენ განვიხილავთ ყველა რეგლამენტს, რომელმაც შეიძლება იქონიოს გავლენა ეკონომიკურად მათზე და წინასწარ გავდივართ ასეთ დირექტივებს, ვითვალისწინებთ მათ გამოწვევებს, რეალობას რა თქმა უნდა და შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით. ასე მოხდება 2021 წელსაც, ჩვენ აბსოლუტურად ბიზნესთან კონსულტაციით მოვახდენთ იმპლემენტაციის ვადების განსაზღვრას, თუმცა როგორც მოგეხსენებათ არის შეთანხმებით აღებული ვალდებულება დროში, როდის უნდა მივიღოთ კანონი.  აუცილებლად ვადებში ჩავეტევით, მაგრამ რეალობიდან გამომდინარე ბიზნესთან კონსულტაციით აუცილებლად განვსაზღვრავთ გონივრულ ვადებს“, - აცხადებს გენადი არველაძე.