ინფორმაციული ტექნოლოგიების ასოციაცია ნოემბრიდან ახალ პროექტს იწყებს, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა დარგების გაციფრულებას ისახავს მიზნად. როგორც ამის შესახებ ასოციაციის თავმჯდომარე თორნიკე თოხარაძემ ისაუბრა, ბიზნესისგან მოთხოვნა ამ მიმართულებით მაღალია, თუმცა კომპანიებს საჭირო სისტემების დანერგვა დამოუკიდებლად უჭირთ.
"სხვადასხვა ქვეყანას ციფრულ სფეროში სხვადასხვა გამოწვევა აქვს, სხვადასხვა ეტაპებზე ვიმყოფებით და ამის შედარება და გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანი პროცესია, რაც საშუალებას გვაძლევს, უკვე საქართველოში გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები და ციფრული ტრანსფორმაციის ახალი პლატფორმა შესთავაზოს ასოციაციამ უკვე ქართულ ბიზნესს.
ჩვენ უკვე ნოემბრიდან ვიწყებთ ახალ პროექტს - ციფრული ტრანსფორმაცია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისთვის. პირველი სექტორი იქნება სამშენებლო-დეველოპერული სექტორი, ვინაიდან ჩავატარეთ კვლევები და ვიკვლიეთ, რომ ჩვენთან ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით მოთხოვნა ძალიან მაღალია, მცირე და საშუალო ბიზნესისგან ციფრულ ტრანსფორმაციაზე მოთხოვნა არის ძალიან მაღალი, უბრალოდ ნაბიჯების გადადგმა არის პრობლემა. ბიზნესი კარგად ვერ ერკვევა ამ საკითხში, არ არის დარწმუნებული, თუ რა გააკეთოს ამ მიმართულებით, ვის ენდოს, როგორ, რა შედეგებს მიიღებს. ერთი მხრივ, IT კომპანიები მუშაობენ ამ ბიზნესებთან, მაგრამ შედეგის მიღწევა და პროექტების დაწყება მაინც ჭირს, ვინაიდან დიდია ბუნდოვანებაც. ამიტომ, ასოციაციის როლი ამ შემთხვევაში იქნება, რომ ვაჩვენოთ პრაქტიკული მაგალითები, მივცეთ გარკვეული სამუშაო ჩარჩოები და დავანახოთ სურათი მთლიანად, თუ დაწყებიდან ტრანსფორმაციამდე, რა პროცესი შეიძლება გაიაროს და რომელ კომპანიებს ენდოს ამ პროცესში", - განაცხადა თორნიკე თოხარაძემ.
ციფრული ტრანსფორმაციის მნიშვნელობაზე საუბრისას, ასოციაციის თავმჯდომარემ რეგიონის ქვეყნების გამოცდილებაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ასოციაცია თურქეთში გამართულ სასწავლო ტურში იღებდა მონაწილეობას, სადაც განხილული იყო, როგორ შეიძლება ციფრული ტრანსფორმაცია გახდეს არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის, არამედ ადამიანური კაპიტალის განვითარების საფუძველი.
"თურქეთის ბაზარი ბევრად უფრო სპეციფიკურია და ადგილობრივი კომპანიების განხილვას, მათთან უშუალო კომუნიკაციას და ჩართულობას ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის, ვინაიდან პრაქტიკული მაგალითების ნახვა ძალიან ჭირს ციფრულ ტრანსფორმაციაში, ხელშესახებ დონეზე, სადაც პირველ პირებს, კომპანიის ხელმძღვანელებს, CEO-ებს და დამფუძნებლებს ესაუბრები ამ საკითხზე.
თურქეთში ძირითადი აქცენტი გადატანილია რობოტებზე, ანუ რობოტიზაცია, ტრანსფორმაციის მაღალი დონის გადაწყვეტილებები. თურქეთი ახერხებს ინტეგრაციას მაქსიმალურად მსოფლიოს სხვადასხვა სავაჭრო პარტნიორებთან, როგორებიც არის "სიმენსი", "ტოიოტა" და დიდი წარმოებები, ვინაიდან პლატფორმად ფორმირდება და ციფრული ტრანსფორმაცია ამ თანამშრომლობაში იღებს გადამწყვეტ მნიშვნელობას.
ის მთავარი კითხვა, რაც ისმის ხელოვნური ინტელექტის და ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით, ანაცვლებს თუ არა ადამიანს, ამაზე თურქეთში პრაქტიკული მაგალითები ვნახეთ, სადაც კომპანიაში, რომელშიც 500 თანამშრომელი იყო საწარმოო პროცესში ჩართული, მოხდა სრული ავტომატიზაცია, რობოტიზაცია, ეგრეთ წოდებული "ბნელი ქარხანა". ეს ადამიანები, რომლებმაც დაკარგეს რეალურად სამსახური, ყველა შეინარჩუნა კომპანიამ; ქარხნიდან გამოყვანილი თანამშრომლები გადაამზადა სხვა სამუშაო პროცესისთვის, როგორიც არის გაყიდვები, ლოჯისტიკა და აშ. ეს არის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი არა მარტო ჩვენს რეგიონში, არამედ მსოფლიოშიც, როდესაც კომპანია ხელოვნურ ინტელექტზე აკეთებს ტრანსფორმაციას და არც ერთ თანამშრომელს არ კარგავს, არამედ იყენებს მაქსიმალურად ეფექტურად, ვინაიდან ტრანსფორმაციის მთავარი მიზანი არის, რომ გაზარდოს წარმოების შესაძლებლობები, რასაც მეტი გაყიდვების, მეტი ლოჯისტიკის, მეტი სხვადასხვა მიმართულების თანამშრომელი სჭირდება და ამის მტკიცებულება პრაქტიკულად, თუ როგორ მოხდა, ხელშესახებ დონეზე თურქეთში ვნახეთ", - ამბობს თორნიკე თოხაძე.




























