მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააფრინა" - ინტერვიუ გია ხუხაშვილთან

გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის აზრით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნება და „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ნომრად ყოფნის გადაწყვეტილება ბიზნესმენებმა მის სისუსტედ აღიქვეს. „პირდაპირ ვიტყვი, ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააფრინა“ - ასე უპასუხა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - რა გზავნილია მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება ქართული ბიზნესისთვის. საქართველოს ყოფილი პრემიერის მრჩეველმა ინტერვიუში მსხვილი ბიზნესი კონფორმიზმისთვის გააკრიტიკა. გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ „რუსული კანონთან“ დაკავშირებით, მსხვილ ბიზნესს პრინციპული პოზიცია უნდა ჰქონოდა.

- { ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, იყოს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი} ბიზნესმა ცალსახად აღიქვა, როგორც მისი სისუსტე. ადამიანი, როდესაც შფოთებით და და შიშებით ხელმძღვანელობს და თავის გადაწყვეტილებებში არ ასხივებს სიმშვიდეს, არამედ ეიფორიაშია და საკმაოდ საძაგელ გზავნილებს ავრცელებს - ფაქტობრივად, ნახევარ საქართველოს მეორე ნახევრის სისხლის დალევას ჰპირდება და ეს არის მისი ერთადერი დაპირება... პირდაპირ გეტყვით, ბიზნესი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა გააფრინა.

- ეს თქვენი აღქმაა თუ გისაუბრიათ ბიზნესმენებთან?

- რა თქმა უნდა, მისაუბრია და ბიზნესმენების მენტალიტეტიც საკმაოდ კარგად მესმის. ისინი ხვდებიან, რომ სერიოზული პრობლემა აქვს ყველას და მოლოდინის რეჟიმში არიან, რადგან ერთი მხრივ, როცა ადამიანი აგონიაშია, მასთან დაპირისპირება სახიფათოა; ამიტომ თან ხელები უნდა უკოცნონ, თან ცუდი მოლოდინები აქვთ... მოკლედ, ბიზნესი დიდ შფოთშია და ეს გაგრძელდება ოქტომბრის ბოლომდე.

- ამ სიტუაციაში რა იქნება ბიზნესის მხრიდან ყველაზე პრაგმატული გადაწყვეტილება თუ ქცევა?

- ბიზნესმენებიც მოქალაქეები არიან… რა თქმა უნდა, თავიდანვე სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ ბიზნესი, როგორც საზოგადოების ძალიან ბევრი სოციალური ჯგუფი, ყოფილიყო პრინციპული ევროპული გზის დაცვაში და ჩამდგარიყო ჯგუფების რიგში, რომელიც ხელისუფლებას აკრიტიკებდა „რუსული კანონის“ გამო. შეიძლება, ხელისუფლებისგან ბევრი რამე ავიტანოთ, რაღაცაზე თვალი დავხუჭოთ, ნაკლები რეაქცია გვქონდეს და ა.შ. მაგრამ ამ არჩევნებზე ხელისუფლების ბედი ხომ არ წყდება?! ახლა წყდება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების ვექტორის ბედი. აქედან გამომდინარე, მარტო საკუთარ თავზე ფიქრი და ქართული ბიზნესისთვის დამახასიათებელი კონფორმიზმი, აბსოლუტურად მიუღებელია.

- ბიზნესს არ ვიცავ, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ბიზნესის თავისუფლებაზე გავლენას ახდენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხიც - როცა იცი, რომ შეიძლება, შენი პოზიციის გამო, ხვალ პრობლემები შეექმნას შენს ბიზნესს, შენს კომპანიაში დასაქმებულ ადამიანებს და ა.შ.

- მე არ ვამართლებ ამ ლოგიკას. ეს არის დღევანდელი კვერცხის პრინციპი და სამწუხაროდ, ასე მუშაობს ქართული ბიზნესი. ზოგი კომფორტულადაც არის - ხელისუფლებასთან გარიგებულია, ტენდერებში მონაწილეობს და კონკურენტულ გარემოში მუშაობა არც კი იცის. სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში მსხვილი ბიზნესის დიდი ნაწილი ასეთია, ხოლო ვინც ასეთ კომფორტში არაა, ის ფიქრობს, რომ ოქტომბრამდე მოიცადოს და მერე გადაბარგდეს... "რუსულ კანონთან“ დაკავშირებით ბიზნესი რომ კატეგორიული ყოფილიყო, დამერწმუნეთ, ხელისუფლება ვერაფერს იზამდა - ერთ-ორ კაცს „შეჭამდა“, მაგრამ ყველას ვერ "შეჭამდა". მთლიანობაში „საქართველოს ბიზნესასოციაცია“ პრინციპული რომ ყოფილიყო, დღეს ქვეყანა სხვა მდგომარეობაში იქნებოდა, რადგან საკითხი ეხებოდა ეკონომიკის განვითარებას და ხელისუფლება ვერ წავიდოდა ისეთ რისკზე, რომ ყველას ერთად დატაკებოდა და უკან დახევა მოუწევდა.

- რა სჭირდება საქართველოს ნამდვილი ეკონომიკური განვითარებისთვის?

- რეალური სტაბილურობა და კონკურენტული გარემო და არა - მოგონილი მშვიდობა. სახელმწიფო არ არის ინვესტორი; სახელმწიფო არ არის ბიზნესის დირექტორი. ჩვენ არ გვინდა ნომენკლატურული კაპიტალიზმი, საიდანაც ვერ გამოვედით, როცა ბიზნესის დირექტორია ხელისუფლება და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრს ხელებს უკოცნის.

- თუმცა ობიექტურობისთვის უნდა გავიხსენოთ ბიზნესმენ სოსო ფხაკაძის განცხადება „რუსულ კანონის“ გამო ქვეყანაში მიმდინარე აქციების დროს - მართალია, არა როგორც BAG-ის პრეზიდენტმა, მაგრამ როგორც ბიზნესმენმა მოუწოდა ხელისუფლებას გადაედო „რუსულ კანონზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა ან კანონი აემოქმედებინათ 2025 წლიდან...

- მე მკითხეთ რატომ მოუწოდა და რატომ გახდა იძულებული...

- რატომ?

- კარგია {მსგავსი განცხადების გაკეთება}, მაგრამ ის იძულებული გახდა, რადგან მას აქვს 2 თუ 3 ამერიკული ფრანშიზა და ცოტა შფოთები გაუჩნდა - რისკი იყო, ყველაფერი თავზე ჩამონგრეოდა. ამიტომ მოიქცა ასე, თორემ მანამდე რა განცხადებებს აკეთებდა, ისიც მახსოვს...

- BMG-ის არქივიც ინახავს ყველას განცხადებას... #წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?

- #წერტილი უნდა დაესვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებს, ნომენკლატურულ კაპიტალიზმს, პოლიტიკურ დევნას და საჯარო სექტორის პოლიტიზებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები