საქართველოს ექსპრემიერის, საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელ ნიკა გილაურის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე მაქსიმალურად ბევრმა ბიზნესმენმა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია.
„ბიზნესმენების მიერ გადახდილი გადასახადებით იღებენ ხელფასს რობოკოპობები, სპეცრაზმელები, მთავრობის წევრები, პარლამენტარები, ამიტომაც სწორედ ბიზნესის ხმა უნდა იყოს გადამწყვეტი“, - თქვა მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას.
ყოფილ პრემიერს მიაჩნია, რომ პროევროპულ აქციებზე დაპატიმრებულების გათავისუფლება და ახალი არჩევნების დანიშვნა უნდა იყოს ის ორი წინაპირობა, რომელსაც ბიზნესი გადასახადების გადახდის სანაცვლოდ დააყენებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის ხმა. ყველა კარგად ვხედავთ, რაც ხდება ქვეყანაში და ეს არაა ადეკვატური მდგომარეობა; ეს არაა ის ქვეყანა, რომელშიც გვინდა ჩვენ და ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ. ეს არის საშინელება, რომელიც ვერ წარმოგვედგინა, რომ შეიძლებოდა, მთავრობას გაეკეთებინა.
რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის ხმა, ქუჩაში ბევრი მოქალაქის გამოსვლა, ძალიან მნიშვნელოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების ხმა და ეს ყველას კარგად გვესმის, მაგრამ ალბათ უმნიშვნელოვანესია ბიზნესის ხმა. რატომ? რადგან ბიზნესზე დგას ეს მთავრობა. ბიზნესმენების მიერ გადახდილი გადასახადებით იღებენ ხელფასს მთავრობის წევრები, პარლამენტარები, რობოკოპობები, სპეცრაზმელები. ჩვენი [ოცნება] გადახდილი გადასახადებით ინარჩუნებს ხელისუფლებას და ჩემი აზრით, ამიტომაც სწორედ ბიზნესის ხმა უნდა იყოს გადამწყვეტი. ბიზნესმა უნდა თქვას, რომ მისთვის მიუღებელია არალეგიტიმური მთავრობის ქცევა და ახალი არჩევნები და დაპატიმრებულების გათავისუფლება არის ის ორი წინაპირობა, რომლითაც ბიზნესი გადასახადების გადახდას გააგრძელებს“, - განაცხადა ნიკა გილაურმა.
„წერტილის“ წამყვანმა ყოფილ პრემიერს საქართველოს ყველაზე მსხვილი ბიზნესასოციაციის - BAG-ის დუმილზეც დაუსვა კითხვები.
- ბიზნესასოციაციის მენეჯმენტი ძალიან ახლოს არის ხოლმე მთავრობასთან. ეს ისტორიულად ასე იყო; ბიზნესასოციაცია მთავრობის ხაზს ატარებდა, რადგან ფულის და ბიზნესის კეთების მხრივ, მთავრობის რეგულაციებზე იყო დამოკიდებული... მე არ ვამბობ, რომ BAG-ში ყველა ეგეთია. ვხედავთ, ასოციაციის ბევრი წევრი კომპანია დამოუკიდებლად ავრცელებს განცხადებას, რაც ძალიან კარგი, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ბიზნესასოციაციამ ამდენი დღის განმავლობაში ერთი ადეკვატური განცხადების გაკეთება ვერ მოახერხა.
- რაზე მიანიშნებს BAG-ის დუმილი - ასოციაციაში ყველა ერთ აზრზე არაა? იქნებ შიშზეც?
- შიშზე, კონფორმიზმზე, ფულის კეთებაზე, სიხარბეზე, ცოტ-ცოტა ყველაფერზე...