ბიზნესმენ ნიკა გამყრელიძის აზრით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ბიზნესმენებმა პოზიცია საჯაროდაც უნდა დააფიქსირონ.
ამის შესახებ ნიკა გამყრელიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა.
საქმე ის არის, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 28 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება - 2028 წლამდე შეაჩეროს ევროინტეგრაციის პროცესი - მკაცრად დაგმო 13-მა ბიზნესასოციაციამ, მაგრამ მათ შორის არაა ყველაზე მსხვილი - „საქართველოს ბიზნესასოციაცია“ (BAG); თუმცა აღსანიშნავია, რომ BAG-ის წევრმა ზოგიერთმა კომპანიამ მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ინდივიდუალურად გააკრიტიკა.
- რას ეტყვით იმ ბიზნესმენებს, ვისაც საკუთარი პოზიცია, ჯერჯერობით, ღიად არ დაუფიქსირებია - შეიძლება, პრობლემების შიშის გამოც და იმედი აქვთ, რომ მალე ჩაივლის ეს სიტუაცია და არ ღირს ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაფუჭება...
- როგორც არ უნდა დამთავრდეს მიმდინარე პროცესები, ეს საკითხი უფასოდ არ ჩაივლის ამ ქვეყნისთვის - საქართველოს ეკონომიკისთვის და ბიზნესმენებისთვის. ასეც და ისეც ეს მოვლენები ქართულ ეკონომიკაზე გაივლის და გაივლის ნეგატიურად. პირადად, ჩემთვის ახლა დუმილიც ერთგვარი პოზიციაა, რომელსაც არ ვეთანხმები როგორც ერთი რიგითი მოქალაქე. ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური არჩევანი, მაგრამ ჩემი აზრით, აუცილებელია, მოქალაქეების ხმა ისმოდეს, მათ შორის ბიზნესმენების; დარწმუნებული ვარ, ბევრი ბიზნესმენი, ვისაც რაღაც კავშირები აქვს მთავრობასთან, შეიძლება, კულისებს მიღმა ესაუბრება, მაგრამ ჩემი აზრით, საჯარო პოზიცია ბიზნესს დასაფიქსირებელი აქვს. ჩვენ უკვე ვნახეთ ეს პოზიციები...
- დიახ, 13 ბიზნესასოციაციის განცხადება გავრცელდა. მათ შორის არ იყო BAG…
- სხვა დროს, არცერთი წინა კრიზისის პერიოდში მსგავსი ერთიანი განცხადებები არ ყოფილა არცერთ წინა კრიზისზე. ვფიქრობ, დრო უნდა მივცეთ [სხვა ბიზნესებს].
საქართველოს საგარეო ვექტორის შეცვლის მცდელობას წერტილი უნდა დაესვას - ინტერვიუ ნიკა გამყრელიძესთან