„ვფიქრობ, ბიზნესსა და სახელმწიფოს მეტი კომუნიკაცია გვჭირდება“ - მიიჩნევს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი გოჩა ჩხაიძე და ამავე დროს აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს დარგის განვითარებაში დიდი წვლილი შეაქვს.
„ალკოჰოლური სასმელების წარმოების დარგს გაზრდის პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის მეტი კომუნიკაცია გვჭირდება. სახელმწიფო ძალიან ბევრ რამეს აკეთებს, წელსაც გლეხებისთვის დიდი საქმე გაკეთდა და მეღვინეობის განვითარებაში სახელმწიფოს დიდი წვლილი შეაქვს, თუმცა ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტი საუბარი გვჭირდება. უნდა გამოვნახოთ დრო და ვისაუბროთ - ამ გადაწყვეტილებას რა მოჰყვება, რადგან ეს დისკუსია აუცილებელია. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ხდება ბაზარზე და რომელ ქვეყანაში რა მდგომარეობაა და ამაზე უფრო მეტი საუბარია საჭირო“, - ამბობს ბიზნესმენი.
BMG-ის კითხვაზე - არის თუ არა კერძო და საჯარო სექტორის კომუნიკაციის დეფიციტი, „ასკანელის“ დამფუძნებელი პასუხობს, რომ ეს ბიზნესის ბრალიც არის. გოჩა ჩხაიძე აღნიშნავს, რომ ღვინის უმსხვილეს მწარმოებელ ქვეყნებსაც აქვთ პრობლემები და იქაც კერძო-საჯარო დისკუსიები აქტუალურია.
„ეს ჩვენი ბრალიც არის, რადგან ამ საუბარზე უარს არასდროს გვეუბნებიან, ჩვენი ბრალია რადგან ნაკლებ ინიციატივას ვიჩენთ და ნაკლებად ვთხოვთ ამ შეხვედრებს. ალბათ მეტი უნდა მოვთხოვოთ. ეს არ არის ჩაკეტილი ორგანო, უარს არ გვეუბნებიან. პირიქით კომუნიკაცია და მეგობრობა არის, მაგრამ კიდევ მეტი გვაქვს სამუშაო. ფრანგული მოდელიც რომ აიღო, იქაც, იტალიაშიც, ესპანეთშიც ბევრი პრობლემებია - უდიდესი მწარმოებლები არიან, მაგრამ ყველა ქვეყანაში ბიზნესთან საუბარი მნიშვნელოვანია და ყოველთვის არის ამის დეფიციტი, ამ მხრივაც უნდა განვვითარდეთ“, - აღნიშნა ჩხაიძემ.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელის“ დამფუძნებელი აცხადებ, რომ მიმდინარე წელი მათთვის მარტივი არ ყოფილა. ერთ-ერთი მიზეზი კი მთავარ საექსპორტო ბაზარზე [რუსეთში] ღვინის შემცირებული ექსპორტია.




























