მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბიზნესთან სასმელის ალტერნატიული შეფუთვის გამოყენებაზე ვმუშაობთ... ეს პოლიტიკა გაგრძელდება - მინისტრის მოადგილე

ზურაბ ეზუგბაია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ზურაბ ეზუგბაია აცხადებს, რომ უწყება ბიზნესთან სასმელის ალტერნატიული შეფუთვის გამოყენებაზე მუშაობს. ამის შესახებ მან პარლამენტში განაცხადა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ზურაბ ეზუგბაიამ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სფეროში ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ სამინისტროს ანგარიში წარადგინა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ვიკა ფილფანმა მას ჰკითხა სასმელის პლასტიკის ბოთლების გაყიდვის აკრძალვის დაანონსების შემდეგ ბიზნესის უარყოფითი პოზიციის შემდეგ ხომ არ დაიწყო უწყებამ სხვა მექანიზმების ძიება ნარჩენების მართვის პოლიტიკის ფარგლებში პრობლემის გადაწყვეტისთვის.

ზურაბ ეზუგბაიამ კი უპასუხა, რომ არსებული პოლიტიკა გაგრძელდება.

„პლასტმასის ბოთლების საკითხთან დაკავშირებით მთავრობამ რამდენიმე აქტი მიიღო, რომელიც გარემოს დაცვისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ინტერესით ამ ტიპის ნარჩენების ეტაპობრივად შემცირებას ისახავს მიზნად. ჩვენ ვმუშაობთ კერძო სექტორთან, რომ ალტერნატიული შეფუთვა იყოს გამოყენებული. მაღაზიებში უკვე გვხვდება ალტერნატივის რამდენიმე ვარიანტი იგივე სასმელი წყლის შეფუთვის - დაწყებული თუნუქით დასრულებული მუყაოთი. ეს პოლიტიკა გაგრძელდება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს იმ ამოცანაში, რომელიც ამ ტიპის ნარჩენების მოცულობითი შემცირებაა და ბიზნესისთვის დამატებითი სტიმულის გაჩენაა, იმისთვის რომ რეციკლირებაზე, განახლებაზე და მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა მოხდეს“, - განაცხადა ზურაბ ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 2027 წლის თებერვლიდან საქართველოს ბაზარზე გაზიანი, გამაგრილებელი სასმელების, ალკოჰოლის და მტკნარი წყლის პლასტიკის ბოთლებით რეალიზაციის აკრძალვა იგეგმება. გამონაკლისი ეხება წყლის შემთხვევაში 3 ლიტრზე დიდ ბოთლებს, ხოლო გაზიანი გამაგრილებელი სასმელების მიმართულებით 20 ლიტრზე დიდ ბოთლებს. შესაბამისად, რეგულაციის ამოქმედების შემთხვევაში ბაზრიდან გაქრება ფაქტობრივად ყველა დასახელების ადგილობრივი წარმოების თუ იმპორტირებული სასმელი, რომელიც დღეს პლასტიკის ბოთლებით იყიდება. პლასტმასის ბოთლებში სასმელების გაყიდვის დაანონსებულმა აკრძალვამ კერძო სექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. ინდუსტრიის წარმომადგენლები ფინანსურ ზარალის, პროდუქციის გაძვირების, წარმოებების დახურვისა და კადრების მასობრივი გათავისუფლების რისკების შესახებ აცხადებდნენ.

ბიზნესის ნეგატიური განცხადებების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პლასტმასის ბოთლების აკრძალვასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ბიზნესსექტორთან კონსულტაციების გარეშე არ მიიღებენ და მთავრობა მზად არის განიხილოს როგორც რეგულაციის გადავადება, ისე მისი შეცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები