მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BlackRock-ის აქტივების ღირებულებამ $10.6 ტრილიონს გადააჭარბა

BlackRock

მსოფლიოს უდიდესი აქტივების მმართველი კომპანიის, ამერიკული BlackRock-ის მართვაში არსებული აქტივების ღირებულებამ $10.6 ტრილიონს გადააჭარბა. როგორც BlackRock-ის 2024 წლის მეორე კვარტალის ფინანსურ ანგარიშში ვკითხულობთ, კომპანიის შემოსავალმა წლიურად 8%-ით იმატა და $4.81 მილიარდი შეადგინა, როცა წმინდა მოგება 9%-ით გაიზარდა და $1.5 მილიარდი შეადგინა, რაც თითო აქციაზე გადათვლით $9.99-ის ტოლია, ანუ კომპანიამ ბაზრის მოლოდინებს გადააჭარბა.

მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ფინანსური კომპანიის შემოსავლისა და წმინდა მოგების ზრდა რამდენიმე მიზეზით არის განპირობებული, მათ შორის მთავარი - BlackRock-ის მიერ ბირჟაზე დალისტული სავაჭრო ფონდების, იგივე ETF-ების მიმართ მზარდი მოთხოვნაა. მიმდინარე წელს, BlackRock-ის ETF-ებში ინვესტორებმა $150 მილიარდი დააბანდეს, რაც დიდწილად, ბიტკოინის ETF-თან არის დაკავშირებული, რომელიც ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ფინანსური ინსტრუმენტია ისტორიაში. ETF-ის კუთხით გაზრდილი შემოდინებები, როგორც ცნობილია, BlackRock-ისთვის გაზრდილ საკომისიო შემოსავალს ნიშნავს.

გლობალური ფინანსური ქსოვილი სხვადასხვა ტიპის კომპანიების ურთიერთქმედებაზე დგას. ფინანსურ ეკოსისტემაში ვხვდებით, როგორც ბანკებს, ასევე ნეობანკებს და ფინტექ-კომპანიებს, საპენსიო ფონდებს, საგადახდო სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, კერძო კაპიტალის მმართველებს, ჰეჯ-ფონდებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს. აი, სწორედ ამ ბოლო კატეგორიას განეკუთვნება ამერიკული BlackRock-ი, რომელიც სხვა ადამიანებისა და კომპანიების აქტივებს მართავს, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ინვესტიციას მათ ნაცვლად დებს. გამართული ბიზნესმოდელის გარდა, ამერიკულ კორპორაციას მაღალი რეპუტაცია, ინვესტორებისთვის ფინანსური სარგებლის გენერირების დეკადების განმავლობაში დამტკიცებული შედეგები და პლანეტარული მასშტაბის კავშირები გამოარჩევს.

BlackRock-ის მართვის ქვეშ არსებული აქტივების $10.6-ტრილიონიანი შეფასება იმ მრავალმხრივი აქტივების დამსახურებაა, რომელთაც BlackRock-ის პორტფელში ვხვდებით - აქ იგულისხმება, როგორც კომპანიების კაპიტალი, ანუ აქციები, ასევე ფიზიკური აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება. აქციების კუთხით, BlackRock-ის აქტივებს შორის ყველაზე დიდი წილი მსოფლიოს უდიდეს ტექნოლოგიურ, ფარმაკოლოგიურ და ფინანსურ კომპანიებზე მოდის. BlackRock-ის უდიდეს სააქციო აქტივებს შორის Microsoft-ს, Apple-ს, NVIDIA-ს, Amazon-სა და META-ს ვხვდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები