BLC-ის პარტნიორის ლაშა უფლისაშვილის განცხადებით მობინადრეებსა და დეველოპერულ კომპანიებს შორის არსებული დავების რიცხვი მზარდია. როგორც უფლისაშვილმა გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, მიზეზი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების დარღვევები ხდება.
იურისტების ნაწილი ფიქრობს, რომ პრობლემის გადაჭრის გზა კომპანიებისთვის რიგი რეგულაციების შემოღება იქნება.
„ჩემი როგორც იურისტის გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ მხოლოდ ხელშეკრულებით, ანუ მხოლოდ იმით რაც ფურცელზე წერია, არ იწყება და არ მთავრდება დავა. ხელშეკრულებაა ყველაფერი დაწყებული თავდაპირველი შეთავაზებიდან, დამთავრებული ბოლო პუნქტამდე. გაყიდვების პროცესში როცა რეკლამირება ხდება ამა თუ იმ პროდუქტის, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც ვრცელდება და იზიდავს მომხმარებელს, ეს არის ხელშეკრულების ნაწილი. ეს არის მასალა, რომლის გამოც ადამიანმა გადაიხადა თანხა.
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ბოლო წლებში მსგავსი დავები გახშირდა. მე ზოგადად რეგულაციების მომხრე არ ვარ, თუმცა ჩემი აზრით ეს ის სფეროა, სადაც მინიმალური რეგულირება მაინც უნდა მოხდეს თუნდაც მუნიციპალიტეტების დონეზე. ხშირად ვხვდებით მოცემულობებს როცა ვალდებულებები არ არის შესრულებული, მაგრამ სანქციები არ არსებობს საიმისოდ რომ ესა თუ ის კომპანია „დაისაჯოს.“
ბევრი კომპანიაა დღეს ბაზარზე ისეთი, რომელსაც აქვს რამდენიმე დაუსრულებელი, პრობლემური ობიექტი და აანონსებს ახალს, რომელსაც რეალურად ყიდის.
კარგი იქნებოდა მინიმალური დოზით ამის რეგულირება. მახსოვს იყო ინიციატივა მერიაში, რომ სამშენებლო კომპანიებს წარმოედგინათ ვალდებულებების შესრულების საბანკო გარანტია, თუმცა ამას დიდი ფინანსური თანხები სჭირდება მშენებლობის დაწყების ეტაპზე, რასაც უარყოფითი შეფასება მოჰყვა და საბოლოოდ ეს ინიციატივა ინიციატივად დარჩა.
როდესაც ადამიანი აპირებს ბინის შეძენას უნდა გაიგოს ვისთან აქვს ურთიერთობა. ის კომპანია რომელთანაც ხდება ხელშეკრულების დადება, რამდენად „შეძლებულია.“ უნდა დარწმუნდეს მყიდველი, რომ რამე რომ იყოს და ხელშეკრულება არ შესრულდეს, ამ კომპანიასთან მოთხოვნას და დავას აზრი ექნება. მკაფიოდ უნდა გაარკვიოს მხარეთა ვალდებულებები და ეს ვალდებულებები ზუსტად ისე ასახოს ხელშეკრულებაში, როგორც ეს გაყიდვების დროს ხდება. ასევე მნიშვნელოვანია სანქციები. კონკრეტულად გაწერილი სანქციები, რომელიც ყოველთვის იწვევს იმას რომ მინიმუმ სამჯერ მაინც დაფიქრდნენ, სანამ დაარღვევენ ვალდებულებებს რადგან საბოლოოდ ყველაფერი ფულად სანქციებამდე დადის და ბიზნესისთვის ეს მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა უფლისაშვილმა.