ნავთობგადამმუშავებელი კომპანია „ბლექ სი პეტროლიუმი", 2027 წლის მეორე კვარტლიდან საავიაციო საწვავის წარმოების დაწყებას გეგმავს - ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არის აღნიშნული. ყულევის ნავთობგადამმუშავებელ ქარხანა საავიაციო საწვავის წარმოებას საერთაშორისო კომპანია Honeywell-თან გაფორმებული კონტრაქტის შესაბამისად დანერგილი ტექნოლოგიით მოახდენს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული გეგმა საწარმოს განვითარების სტრატეგიის ნაწილია. ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2027 წლის პირველ კვარტალში კომპანია საგზაო ბიტუმის წარმოების დაწყებასაც გეგმავს.
ამასთან, „ბლექ სი პეტროლიუმის“ ცნობით, მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან საწარმო სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებაზე გადავა. კომპანიის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება მის მიერ წარმოებული პროდუქციისთვის მაღალმარჟიან ბაზრებზე წვდომას გააფართოებს.
ამასთან, კომპანიამ განაცხადა, რომ 2026 წლის პირველ ნახევარში 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეული გადაამუშავა და საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია Honeywell-თან თანამშრომლობა გააფართოვა. გაფართოებული პარტნიორობა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვას მოიცავს.
“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას კომპანიის მიმდინარე საქმიანობისა და სტრატეგიული გეგმების შესახებ.
წარმოება
2026 წლის პირველი ნახევრისთვის „ბლექ სი პეტროლიუმმა“ უზრუნველყო 650 ათას ტონაზე მეტი ნედლეულის გადამუშავება.
სტრატეგიული პარტნიორობა
საინჟინრო და სალიცენზიო ხელშეკრულებების შემდეგ, კომპანიამ გააფართოვა პარტნიორობა საერთაშორისო ტექნოლოგიურ გიგანტ Honeywell-თან და მოიცვა მაღალტექნოლოგიური დანადგარებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემების შეძენა-დანერგვის მიმართულება.
საწარმოს განვითარების ეტაპები და ახალი პროდუქცია
- 2027 წლის I კვარტალი: კომპანია იწყებს საგზაო ბიტუმის წარმოებას შიდა და საექსპორტო ბაზრებისათვის.
- 2027 წლის II კვარტალი: საწარმოს გაუჩნდება შესაძლებლობა აწარმოოს საავიაციო საწვავი.
ნედლეულის დივერსიფიკაცია
მიმდინარე წლის აგვისტო-სექტემბრიდან კომპანია იწყებს სრულად არა-რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობის გადამუშავებას. აღნიშნული „ბლექ სი პეტროლიუმის“ მიერ წარმოებულ პროდუქციას გაუხსნის მაღალმარჟინალური ბაზრების კარს.
„ბლექ სი პეტროლიუმი“ აგრძელებს სტრატეგიული გეგმის მიხედვით საწარმოს განვითარებას და მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში", - ნათქვამია “ბლექ სი პეტროლიუმის” განცხადებაში.
ყულევში მიმდინარე ნავთობგადამმუშავებელი პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მილიონ დოლარს შეადგენს. პირველი ფაზის ბიუჯეტი 150 მილიონ დოლარს აღემატება, რომლის ფარგლებში 1.2 მილიონი ტონა წლიური წარმადობის ქარხანა აშენდა. პროექტის მეორე ფაზის დასრულების შემდეგ საწარმო ევრო 5-ის სტანდარტის ბენზინის, საავიაციო საწვავისა და ევროდიზელის წარმოებას შეძლებს, ხოლო მისი წლიური წარმადობა 4.5 მილიონ ტონამდე გაიზრდება.




























