ბოლო 10 წელიწადში, ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი ისტორიულ მაჩვენებელზეა.
საქსტატის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, ქვეყანამ მიმდინარე წლის 11 თვეში 18,7 მლნ დოლარის შემოსავალი 12,628 ტონა ნატურალური წვენის ექსპორტიდან მიიღო. ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს მოცულობით 10%-ით აჭარბებს, ხოლო ღირებულების 27.6% ზრდაა. უფრო კონკრეტულად, გასულ წელს, საქართველომ 14,6 მლნ დოლარის ღირებულების 11,470 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენი გაყიდა.
ბოლო 10 წელში, ქვეყანამ ყველაზე ცოტა მოცულობის ნატურალური წვენი 2016 წელს გაიყიდა. 2016 წელს საქართველომ 4,461 ტონა ნატურალური წვენი გაიტანა ექსპორტზე, რომლის ღირებულებაც 5,1 მლნ დოლარი იყო.
წელს, საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც 11 თვის მონაცემებით 4,2 მლნ დოლარის ღირებულების 2,840 წვენის ექსპორტი მოხდა. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდს შევადარებთ, ამ კონკრეტულ ბაზარზეც ექსპორტის ზრდა გვაქვს. კერძოდ გასულ წლის ანალოგიური პერიოდის შედარებით, მოცულობის 44.5%-იანი, ხოლო შემოსავლის 57.1%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ქართული წვენებისთვის, მთავარი საექსპორტო ქვეყანა რუსეთი იყო. მიმდინარე წლის პირველი 8 თვის სტატისტიკური მონაცემებიდან მოყოლებული, რუსეთის ბაზარმა მთავარი საექსპორტო ბაზრების ხუთეული დატოვა და ამჟამად ის საქართველოსთვის წვენების ექსპორტის კუთხით მე-7 საექსპორტო ბაზარია.
საქართველოსთვის ხილისა და ბოსტნეულის წვენების მთავარი საექსპორტო ბაზრები (2024/11 თვე):
- აშშ - $ 4,2 მლნ (2,840 ტონა)
- გერმანია - $3,3 მლნ (2,110 ტონა)
- ისრაელი - $ 3,6 (2,104 ტონა)
- ავსტრალია - $ 1,6 მლნ (1,516 ტონა)
- სომხეთი - $ 646 ათასი (752 ტონა)
- აზერბაიჯანი - $ 489 ათასი (618 ტონა)
- რუსეთი - $767 ათასი (615 ტონა)
- იაპონია - $ 1,2 მლნ (388 ტონა)
- საბერძნეთი - $ 470 ათასი (360 ტონა)
- არაბთა გაერთიანებული საამიროები - $ 311 ათასი (164 ტონა)