მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 10 თვეში საინვესტიციო ფონდების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაიზარდა - მიზეზები

ფონდები

ბოლო 10 თვეში საინვესტიციო ფონდების რაოდენობა 5-დან 12-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სებ-ის საინვესტიციო ფონდების რეესტრშია ხელმისაწვდომი.

2023 წლის მარტის მდგომარეობით ფონდების რაოდენობა 5-ს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი თორმეტამდეა გაზრდილი.

არსებული 12 საინვესტიციო ფონდის მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის. როგორც bm.ge-ს სებ-ში უთხრეს, 2023 წლის ბოლოს მდგომარეობით განახლებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი 2024 წლის თებერვლის ბოლოს იქნება.

რაც შეეხება 2022 წლის მონაცემს, Bm.ge-ს მიერ საქართველოს ეროვნული ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, შეგვიძლია გითხრათ, რომ 2022 წლის ბოლოს მდგომარეობით საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების ჯამური მოცულობა 92 მლნ ლარს შეადგენდა.

სებ-ში განმარტავენ, რომ საინვესტიციო ფონდების ბოლო რამდენიმე თვეში განსაკუთრებული ზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა:

„2020 წელს სრულად განახლდა საინვესტიციო ფონდების მარეგულირებელი ჩარჩო და შესაბამისობაში მოვიდა ევროკავშირის დირექტივებთან, რამაც გამოიწვია ამ სფეროს მიმართ მზარდი ინტერესი. ბოლო წლებში აქტიურად მიმდინარეობდა ცნობიერების ამაღლების კამპანია როგორც ეროვნული ბანკის, ასევე კერძო სექტორის მხრიდან.

2023 წლის მარტის შემდეგ დარეგისტრირებული 7 ფონდიდან, სამი დააარსა უკვე ბაზარზე მოქმედმა აქტივების მმართველმა კომპანიებმა, ხოლო დანარჩენი ოთხი ამ სექტორის ახალ მოთამაშეებს წარმოადგენენ“, - გვითხრეს სებ-ში.

საინვესტიციო ფონდების რეესტრში შემდეგი ფონდებია დარეგისტრირებული:

  • შპს "სტარბრიჯი"
  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "ალფა პლიუს აშშ დოლარის სახაზინო ობლიგაციების ფონდი"
  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "ფორსაითის განვითარების ფონდი"
  • სს “ბაობაბ კაპიტალი“
  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "ევროს უზრუნველყოფილი სასესხო პორტფელი"
  • სს " ქეშ ფლას ქეფითალი"
  • სს "გლობალურად დივერსიფიცირებული ობლიგაციების ფონდი"
  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "უძრავი ქონების ფონდი ელისიუმი 1"
  • სს "ფორსაით კაპიტალი"
  • სს “დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელი“
  • შპს "გაზელ ფაინენს ჯორჯია"
  • ერთობლივი საინვესტიციო ფონდი "რაშმორი“

რაც შეეხება აქტივების მმართველ კომპანიებს, ესენია:

  • შპს "გალტ ენდ თაგარტ ესპივი 2"
  • სს "ქაფითალ ქრაფთ"
  • შპს "სტარგეიტი"
  • შპს "ალფა პლიუს აქტივების მართვა"
  • შპს „ელისიუმ ასეტ მენეჯმენტი“
  • შპს "ფორსაით ინვესტმენტ გრუპ"
  • შპს "თიბისი აქტივების მართვა"
  • შპს "ნექსუს ასეტ მენეჯმენთ"


შეგახსენებთ, რომ საინვესტიციო ფონდის, ისევე როგორც, საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის ზედამხედველობას საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები