მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 5 წელიწადში ექსპორტში EU-ის წილი 10 პროცენტული პუნქტით შემცირდა - რას ვყიდით

64be3ec95e70b
შოთა ტყეშელაშვილი
24.07.23 13:10
659
ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი მცირდება, 2023 წლის 6 თვეში EU-ში საქართველოდან $398 მილიონის საქონელი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლებია. როგორც საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, შემცირება ძირითადად სპილენძის მადნებისა და თხილის ექსპორტის კლებით არის განპირობებული. შედეგად, ევროკავშირის წილი საქართველოს $3-მილიარდიან ექსპორტში მხოლოდ 13% იყო. შედარებისთვის, მთელ EU-ში წელს ექსპორტის მოცულობა უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მხოლოდ სომხეთში. ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირის წილი ექსპორტში 23.3%-დან 13%-მდე შემცირდა. 

რა საქონელი გაიტანა საქართველომ წელს ევროკავშირში:

1) სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $179 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 16%;
2) მინერალური სასუქები - $27 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 84%;
3) თხილი და კაკალი - $21 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 30%;
4) სპირტიანი სასმელები - $20 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 78%;
5) კომპიუტერები - $16.5 მილიონი დოლარი, ზრდა წინა წელთან 1,100%.

ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში ბოლო რამდენიმე წელია მცირდება, 2019 წლიდან მოყოლებული შედეგები ასე ნაწილდება (6 თვე):

2019 წელი - $412.5 მილიონი, ევროკავშირის წილი 23.3%;
2020 წელი - $332.7 მილიონი, ევროკავშირის წილი 22%;
2021 წელი - $321 მილიონი, ევროკავშირის წილი 17%;
2022 წელი - $432.9 მილიონი, ევროკავშირის წილი 17%;
2023 წელი - $398 მილიონი, ევროკავშირის წილი 13%.

2023 წლის პირველ ნახევარში EU-ს წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს საექსპორტო ათეულში მხოლოდ ორი ქვეყანა შედის, ბულგარეთი ($146 მლნ, მერვე ადგილი) და ესპანეთი ($53 მლნ, მეცხრე ადგილი).

შედარებისთვის, ათეულში დსთ-ს წევრი ქვეყნების რაოდენობა ხუთია. მთლიანად დსთ-ის წილი ექსპორტში კი 63%-ია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23 პროცენტული პუნქტით მეტია. წელს საქართველოდან დსთ-ში 1.92 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რომლის ნახევარიც მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტზე მოდის.

საქსტატის ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი არის სომხეთი, სადაც წლის პირველ ნახევარში 440 მილიონი დოლარის საქონელი გავიდა (ზრდა 122%); მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს $413 მილიონი დოლარის ექსპორტით (ზრდა 44%), მესამე პოზიციაზე კი რუსეთია $344 მილიოონი დოლარის ექსპორტით, სადაც ზრდა 34%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები