ყიდვა-გაყიდვის ქართული პლატფორმა Phubber-ის დამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი BM.GE-სთან „აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებულ რისკებზე საუბრობს. მისი თქმით, საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოში ოპერირების გაგრძელება რისკებთანაა დაკავშირებული.
„ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო ინვესტორებისათვის განგაშის სიგნალია. მათთვის აშკარაა, რომ ქვეყნის მოსახლეობა და მთავრობა აბსოლუტურად განსხვავებულ პოლუსებზე არიან. ჩვენმა ინვესტორებმაც პირველი ეს კითხვები დაგვისვეს, თუ რამდენად უსაფრთხო გარემოა საქართველოში ბიზნესის ოპერირებისთვის. თუმცა სიტუაცია მნიშვნელოვნად გაუარესდებოდა, თუ პარლამენტი ამ კანონს მიიღებდა“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე თვეში პოლიტიკურმა გაერთიანება „ხალხის ძალამ“ პარლამენტში ორი კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომელთა მიხედვითაც, იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, უცხოური გავლენის აგენტებად დარეგისტრირება მოუწევდათ. საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით ჩააგდო.




























