TBC Capital-ის ობლიგაციების ბაზრის მიმოხილვის თანახმად, აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობამ არაერთგვაროვანი დინამიკა აჩვენა. კერძოდ, 10-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობამ 3.91%-მდე მოიმატა, 30-წლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა მცირედით 4.19%-მდე შემცირდა, ხოლო ორწლიანი ობლიგაციების შემოსავლიანობა, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული ფედერალური რეზერვის პოლიტიკასთან, 3.93%-მდე გაიზარდა.
ამასობაში, ევროზონის სამთავრობო ობლიგაციები სტაბილური იყო მერყეობის მიუხედავად, რადგან ინვესტორები ელოდებოდნენ აშშ-ის დასაქმების მონაცემებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ფედერალური რეზერვის საპროცენტო განაკვეთზე. გლობალურად, ობლიგაციების ბაზრებმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედით კლება აჩვენეს, ხოლო მერყეობის ინდექსები, როგორც აქციების, ასევე ობლიგაციების ბაზარზე, გაიზარდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რეგიონალური სუვერენული ობლიგაციების ბაზარმა 0.35%-ით დაიკლო, უზბეკეთისა და სომხეთის ობლიგაციებმა 0.58%-ით მოიმატეს, ხოლო თურქეთის ობლიგაციებმა 1.32% დაკარგეს.
კორპორატიული ობლიგაციების ბაზარზე TBC Capiral-ის ინდექსმა 0.14-ით მოიმატა, რაც Kazamunaygas-ისა და ODEABANK-ის ობლიგაციების ზრდით იყო გამოწვეული, თუმცა AYDEM ENERJI-ის ობლიგაციებმა კლება აჩვენა. ქართული ევრობომდების ფასებმა მცირედით მოიმატა, ხოლო GEORGIAN RAILWAY-ისა და JSC SILKNET-ის შემოსავლიანობამ მცირედით იკლო.