გასულ წელს ნუშის და კაკლის აგროინდუსტრიაში ჩართულმა 180-მა ფერმერმა საერთო ჯამში, კომერციული ბაღებიდან, დაახლოებით 1,300 ტონა ნუშის მოსავალი მიიღო. რამდენად კარგ შედეგებზე გავიდა სექტორი და როგორია მიმდინარე წლის მოლოდინები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აგროკულტურა USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდაჭერით კიდევ უფრო იზრდება - ამ საკითხზე BMGtv-ის გადაცემაში "საქმიანი დილა" ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ნიკო ნიკოლაძემ ისაუბრა.
ფერმერი ნუშის კულტურის მიმართ კლებად ინტერესზე ამახვილებს ყურადღებას და ამას ქვეყანაში ნუშის ბაღებში მოსავლიანობის კლებით ხსნის.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში ნუშის სექტორის მიმართ ინტერესი იკლებს. ეს ბუნებრივია და მთავარი გამომწვევი მიზეზი ის არის, რომ პირველი გაშენებული ბაღებიდან შედეგები ცუდია. იმ ბაღებიდან კი, რომლებიც სწორი აგროინჟინერიის გაშენდა ჯერ შედეგები არ გვაქვს, სრულად არ გვაქვს, ან წარმატებულ ფერმერებს ჯერ საუბარი არ სურთ. თავიანთ შედეგზე საუბრობს ხალხი, რომელიც პირველ ტალღაში მოყვა და არასწორად გააკეთეს რაღაცეები, ისინი ამბობენ, რომ ეს გზა გასავლელი იყო და ამას ვერ გადაახტებოდნენ. ახლა, როცა ბევრი ფერმერი იქნება გვიან გაშენებული ბაღებიდან წარმატების მაგალითები ტრენდიც შეიცვლება", - განმარტავს ნიკო ნიკოლაძე და დასძენს, რომ სექტორში ინვესტიციების 90%-ზე მეტი ქართული ინვესტიციაა. უცხოური ინვესტორების ნაკლები ინტერესის მიზეზი კი, მიწის კანონია, რომლის გამოც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის უფლება არ აქვთ.
გაერთიანების ხელმძღვანელი ამბობს, რომ თავადაც ნუშის ბაღებს მართავს და ამ კულტურაში ყველაზე დიდი გამოწვევა ამ დრომდე ცოდნის დეფიციტია.
"რეალურად, ნუშის სექტორში მთავარი გამოწვევა ცოდნაა, მაგრამ წლების განმავლობაში ამის ელიმინაცია ხდება. ჩვენ გავდივართ საზღვრებს გარეთ და ვნახულობთ ქვეყნების გამოცდილებას და ასოციაციის ფარგლებში ვცდილობთ ის ქვეყანაში შემოვიტანოთ და დავნერგოთ. თუმცა, პრობლემის აღმოფხვრა ბოლომდე ვერ ხდება. აგროსექტორი არის მიმართულება, სადაც უკან დაბრუნება ვერ ხდება. რგავ კულტურას და როგორ განახორციელე ეს ყველაფერი, წლების მერე ხედავ შედეგებს. ინვესტორები და ფერმერები, რომლებიც გამოცდილებას იღებენ, ყოველ შემდეგ ინვესტიციას დებენ უფრო სწორად და მიზანმიმართულად. მგონია, რომ იმის პერსპექტივა, რომ ყოველ მომდევნო წელს გაცილებით ნაკლები პრობლემები იყოს, გვაქვს. ცოდნა შემოდის, გამოცდილება გროვდება და ამ გამოცდილებას კარგად იყენებენ ადამიანები, ვისაც ამ დარგში ინვესტირება სურთ. შედეგად, ყოველი მომდევნო ნაბიჯი უფრო გათვლილია", - ამბობს ფერმერი.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს ჯერ, 2023 წლის სრული შედეგები არ გამოუქვეყნებია, 11 თვის განმავლობაში კი, ექსპორტი მკვეთრად გაზრდილია. გასული წლის იანავარ-ნოემბერში ქვეყნიდან 170 ათასი აშშ დოლარის 124 ტონა ნაჭუჭიანი ნუში გაიყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, მხოლოდ 1.1 ათასი აშშ დოლარის 1 ტონა. საექსპორტო ბაზარი უზბეკეთი იყო.