"წელს ქვეყანაში ნუშის საკმარისი სანედლეულო ბაზა გაჩნდა იმისთვის, რომ მწარმოებლებმა დაიწყონ ფიქრი ადგილობრივი მოხმარების სრულად ჩანაცვლებასა და ასევე, საექსპორტო ბაზრების მოკვლევისა და შემდგომში ექსპორტის განხორციელებაში", - ამის შესახებ "ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის" დირექტორმა, თორნიკე ლათათიამ BMG-სთან საუბრისას განაცხადა.
მისივე ცნობით, წელს ადგილობრივი წარმოება მოახერხებს, რომ ქვეყანაში 3000 ტონა ნუში მიიღოს, რაც 1000 ტონა ნუშის გულს გულისხმობს, ეს კი არის პროდუქტი, რომელიც პირდაპირ ივაჭრება, შესაბამისად, ასოციაციის მოსაზრებით, ეს რაოდენობა მოახერხებს, რომ ქვეყნის შიდა მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილოს, რაც თავის მხრივ, პროდუქციის საფასურს დაარეგულირებს.
თორნიკე ლათათია აღნიშნავს იმასაც, რომ დღემდე ქართული ბაზარი ამერიკიდან იმპორტირებული ნუშითაა გაჯერებული, თუმცა ქართული პროდუქცია მას ხარისხითა და ვიზუალით ბევრად აღემატება.
"დადასტურებული ფაქტია, რომ ადგილობრივი პროდუქტი იმპორტირებულს ხარისხობრივი და ვიზუალური კუთხით ბევრად აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში ნუშით ვაჭრობა მუდმივად აღემატებოდა სავაჭრო ფასებს, შესაბამისად, იყო ძვირი და მსყიდველუნარიანობაც შემცირებული იყო. ჩვენ თუ შევძლებთ, რომ მომხმარებლებს ადგილობრივი, მაღალი ხარისხის ნუში შევთავაზოთ და ამავდროულად, ფასიც მსოფლიო ბაზარზე არსებული საფასურის ადეკვატური იქნება, ქართულ ბაზარზე ნუშის მსყიდველუნარიანობა გაიზრდება", - აცხადებს "ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის" დირექტორი.
კითხვაზე, რამ განაპირობა საქართველოში ნუშის მწარმოებელთა რაოდენობის აქტიური ზრდა, თორნიკე ლათათია გვპასუხობს, რომ უცხოელმა ინვესტორებმა საქართველოში შესაძლებლობა დაინახეს, რის შედეგად ამ დარგში ინვესტირება დაიწყეს.
"უცხოელმა ინვესტორმა საქართველოში შეამჩნია და დაინახა შესაძლებლობები, იქნება ეს წყლის სიუხვე, ნოყიერი ნიადაგი თუ მუშა-ხელის სიიაფე. რეალურად, საქართველოში შექმნილ ნუშის კომერციულ ბაღებს აქვთ შესაძლებლობა, რომ იგივე მოცულობისა და ხარისხის პროდუქცია აწარმოოს, როგორიც ევროპაში იწარმოება, თანაც შედარებით ნაკლები დანახარჯებით და უკეთეს პირობებში", - ამბობს ლათათია.
რაც შეეხება გამოწვევებს, ასოციაციის დირექტორის განმარტებით, აგრონომიულ ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები ამ ეტაპისთვის მეტ-ნაკლებად გადაჭრილია და ამ დროისთვის, მწარმოებლების მთავარი გამოწვევა სწორი სარეალიზაციო ბაზრების შერჩევაა.
"დაგროვდა ცოდნა, პრაქტიკა, რაც მთავარია, წელს უკვე მივიღეთ პირველი კომერციული მოსავლები, თუმცა წელს მთავარი გამოწვევა არის, რომ სწორად გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი, ავირჩიოთ მაღალ გადამხდელ უნარიანი ბაზრები და გავზარდოთ ადგილობრივი პროდუქციის ცნობადობა, ამაზე კი მწარმოებლებმა და სახელმწიფომ ერთნაირი ჩართულობით უნდა ვიმუშაოთ", - განაცხადა თორნიკე ლათათიამ.